2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ჩემმა ქმარმა ექიმთან წამიყვანა და ანემია დამიდგინდა"-ვინ აუკრძალა ორსულობა ხატია სიჭინავას?

რამაზ ნოზაძისა და ხატია სიჭინავას სიყვარულმა ბევრ გამოცდას გაუძლო, დღეს ტკბილად ცხოვრობენ ერთად და სამ ულამაზეს პრინცესას ზრდიან. მიუხედავად იმისა, რომ მიყოლებული სამი ორსულობისა და მშობიარობის გამო ხატიას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ის გაჩერებას არ აპირებს და მომავალში კიდევ ერთ შვილს აჩუქებს მეუღლეს.

 

ხატია სიჭინავა: ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, ცხოვრებაში გამიმართლა. მართალია, ბედნიერება ზოგადი ცნებაა, ვერ ჩამოაყალიბებ, კონკრეტულად რა გაბედნიერებს, მაგრამ, თავი ბედნიერ ქალად მიმაჩნია, რადგან ამის ყველა პირობა მაქვს. ასე რომ, ჩემი ცხოვრება ნამდვილად შედგა.
– სამი მცირეწლოვანი შვილი, ქმარი, სახლისა და სამსახურის საქმე, თავის მოვლა... ამ ყველაფერს როგორ ასწრებ? მარტო უმკლავდები თუ დამხმარეებიც გყავს?
– დრო გადანაწილებული მაქვს. სამი შვილის მოვლა ძალიან რთულია, თან, სამივე მიყოლებით გავაჩინე. პატარები არიან და უფრო მეტ სითბოსა და სიყვარულს ითხოვენ. ვცდილობ, საკუთარ თავს მოვაკლო, ოღონდ კი მათ არაფერი მოაკლდეთ. პირველი შვილის გაჩენის მერე ჩემი თავი გამოვიჭირე, რომ ბევრ დათმობაზე მივდივარ – მე ვიკლებ და მას ვუნაწილებ დროს. თუ დედა ხარ, ასეც უნდა მოიქცე. ახლა სამი შვილის დედა ვარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია და ისინი ყოველთვის ჩემზე წინ დგანან. ადრე თუ უაზროდ ვფლანგავდი ფულს და მხოლოდ საკუთარ თავზე ვზრუნავდი, ახლა ჩემი თავი მეასე ადგილზე დგას და შვილებსა და ქმარს დავუთმე ასპარეზი (იცინის). ჯერ მათთვის ვყიდულობ და, თუ ფული დამრჩა, მერე ვყიდულობ ჩემთვის. რაც შეეხება გაზრდას, პირველი ოთხი თვე მარტო ვზრდიდი, მერე დედამთილმა მომიყვანა უსაყვარლესი ძიძა; მესამე შვილის შეძენის შემდეგ კი მეორე ძიძაც დაგვჭირდა. ორივე ძიძაში ძალიან გამიმართლა. ახლაც ბათუმში ჰყავთ სამივე ბავშვი წაყვანილი და მე, როგორც გიჟი დედა, ბრმასავით ვენდობი მათ (იცინის). თუმცა, სულ ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული, მშიშარა ვარ.
– როგორც ვიცი, მიყოლებულმა მშობიარობებმა ჯანმრთელობის პრობლემებიც შეგიქმნა.
– კი, ნამდვილად ასეა. ადრე ასე კარგად ვერ ვერკვეოდი მშობიარობის მინუს-პლუსებში, მაგრამ, გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრი რამ ვისწავლე. ანუ, მიყოლებული მშობიარობები ქალს ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის, ამიტომ, ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ ერთი წელი მაინც არის საჭირო, ორგანიზმი ფორმაში ჩადგეს, საკეისრო კვეთის შემდეგ კი – მინიმუმ სამი წელი. მე კი ერთი ფიზიოლოგიური და ორი საკეისრო კვეთა მიყოლებით მაქვს და, აქედან გამომდინარე, პრობლემა შემექმნა – ანემია დამემართა. ვერ მივხვდი, რა მჭირდა: ჰემოგლობინი დამივარდა, ცუდად ვიყავი, ლოგინად ჩავვარდი. ჩემმა ქმარმა ექიმთან წამიყვანა და ანემია დამიდგინდა. ვიმკურნალე, გამოვედი მდგომარეობიდან და ახლა კარგად ვარ. ჩემმა ექიმმა, ამირან ქორიძემ, სასტიკად გამაფრთხილა – ოთხი წელი კატეგორიულად გიკრძალავ ორსულობასო.
– თუმცა, გავიგე, რომ მეოთხე შვილზე ხარ ორსულად. თუ, ეს ჭორია?
– ეს ჭორი სიმართლე იქნებოდა, რომ არა ჩემი ქმარი და ამირან ქორიძე (იცინის). ბევრმა მითხრა: გავიგეთ, მეოთხე შვილს აჩენ, და, რას შვრები, საკუთარ თავს სასწორზე დებო? რამაზი იმასაც ვერ იტანს, რომ ვცივდები და, ხომ  წარმოგიდგენიათ, ახლა რომ ვუთხრა, მეოთხე, ნანატრი ბიჭი უნდა გაგიჩინო ასე მალე-მეთქი, რა დაემართება?! (იცინის) ასე რომ, მინიმუმ სამი წელი ჩემი ორსულობის კატეგორიული წინააღმდეგია.
– თუ გრჩება დრო, რომ ქმართან რომანტიკული საღამოები მოიწყო?
– სულ ვამბობ, ჩემი ქმარი ჩემი პირველი შვილია-მეთქი (იცინის). მთავარია, ქალმა მეტი ყურადღება მიაქციოს  ქმარს, რადგან, თუ ამას მოაკლებ, მერე პრეტენზიებიც უნდა მოთოკო და არ გამოხატო. ცოლქმრობა ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაა: როგორც შენ გასცემ სითბოს, სიყვარულსა და რომანტიკას, ისევე დაგიბრუნდება მეორე ნახევრისგანაც. მე და რამაზს ეს ყველაფერი აწყობილი გვაქვს, ანუ, ისევ შეყვარებულობის პერიოდში ვართ – დღემდე სასიყვარულო მესიჯებს ვუგზავნით ერთმანეთს და, მეხუთე წელია, ეს თაფლობის თვე გრძელდება. ასე რომ, სამივე შვილი გავუშვით დასასვენებლად და სანდო ხელში არიან, ჩვენ კი კიდევ ერთი რომანტიკული ზაფხული დაგვიდგა და ამ რომანტიკის მაქსიმალურად გამოყენებას ვაპირებთ (იცინის).
– მაქსიმალურად გამოყენებაში რას გულისხმობ?
– რას და, მე და რამაზი ევროპაში ვაპირებთ წასვლას. ჩემი ორსულობების გამო, დიდი ხანია, არსად გვიმოგზაურია. ახლა დავგეგმეთ პრაღა-ამსტერდამი-პარიზის რეისი და აგვისტოს ცხელ დღეებს იქ გავატარებთ. ეს ჩემი ნანოს საჩუქარია, ჩემი გემრიელი ქმრის (იცინის). მისი იდეა იყო ევროპაში წასვლა და სავარაუდოდ, ივლისი ბოლოს გავიპარებით ქვეყნიდან (იცინის). იქიდან რომ დავბრუნდებით, ჩვენს ბარტყებთან ჩავალთ და მერე მათთან ერთად განვიტვირთებით. ჩემი მეგობარია იტალიაში და, რომ მელაპარაკებოდა, მითხრა, „სურვილების კედელთან” ვდგავარო. ვთხოვე, ჩემი სურვილიც მიამატე და ასე დაწერე-მეთქი: „მინდა, ვიყო ისე, როგორც ვარ დღეს და მიყვარდეს ისე, როგორც დღეს მიყვარს!”. მიპასუხა, ახლა მივხვდი, ადამიანმა როგორ უნდა გამოხატოს თავისი ბედნიერება სიტყვებითო. მე არც მეტი მინდა და არც ნაკლები. კარგად ვგრძნობ თავს და, არ მინდა ღმერთს იმით ვაწყენინო, რომ ვიძახო, მეტი მინდა-მეთქი. არც მილიონერი ვარ, არც თავზე გადამდის და არც ღატაკად ვითვლები. მინდა ის სიყვარული, ბედნიერება და სიმშვიდე სუფევდეს მუდამ ჩემს ოჯახში, რაც დღესაა. როცა დილას იღვიძებ და შეყვარებული ხარ, ღამით წვები და გრძნობ, რომ უფრო მძაფრდება ეს შეყვარება, ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს ქალისთვის?! ჩემი აზრით, და ამაში ყველა დამეთანხმება, თუ შეყვარებული ხარ, ესე იგი, ბედნიერი ხარ.

                                       ნონა დათეშიძე  http://tbiliselebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები