2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ნიკორაში" არსებულ ანტისანიტარიაზე თანამშრომლები ალაპარაკდნენ - კომპანიაში ბრალდებებს უარყოფენ

                                                                           [დავით ჯაბაშვილი]

ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორას“ სუპერმარკეტებში არსებულ ანტისანიტარიასა და მოსამსახურე პერსონალის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს ვარკეთილის ფილიალის ყოფილი თანამშრომელი, ნონა გაბელაია.

ქალბატონი გაბელაია „პრესა.ჯი“-ს რედაქციას თავად დაუკავშირდა და ანტისანიტარიის ამსახველი ფოტო-მასალა მიაწოდა. მან სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზებზეც ისაუბრა. თუმცა, გაბელაიას ბრალდებებს „ნიკორაში“ უარყოფენ...

„პრესა.ჯი“: რა პრეტენზიები გაქვთ „ნიკორას“ მიმართ?

ნონა გაბელაია: პირველ რიგში, ჩემი პრეტენზია შეეხება შრომით პირობებს, რომელსაც „ნიკორა“ არღვევს. მე ორი წელი ვიმუშავე მათთან. თუმცა, ბოლო პერიოდში გაუსაძლისი გახდა მუშაობა და ჩემი სურვილით დავტოვე სამსახური.

ჯერ ისედაც რთული გრაფიკი გვქონდა - 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით. ამას დაემატა ნიკორას მიერ შექმნილი მონიტორინგის სამსახურიც, რომლებიც დაგეშილები არიან თანამშრომლებზე, შემუშავებული აქვს რამდენიმე გვერდიანი დაჯარიმების სქემა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაჯარიმებდნენ საკმაოდ სოლიდური თანხით.

მე, დღე-ღამის განმავლობაში 50 ლარიან ანაზღაურებას თუ ვიღებდი, იყო შემთხვევა, როცა 100 ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერეს. უსამართლო ჯარიმებზე ხმას ვერავინ იღებს, რადგან ყველას ვალდებულება აქვს სხვადასხვა ბანკებში და ეშინიათ შემოსავლის, სამსახურის დაკარგვის.

- კონკრეტულად თქვენ, რატომ დაგაჯარიმეს?

- ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ჯარიმა იყო დაკისრებული აბსურდული მოტივით. თუმცა, ბოლო ჯარიმა, რის საფუძველზეც სამსახური დავტოვე, დამაკისრეს იმის გამო, რომ თითქოს მე შიდაგანაწესი დავარღვიე.

უფრო კონკრეტულად: სმენაში ვიყავით სამი თანამშრომელი და ორი დაცვა. დაახლოებით სამი საათი იქნებოდა, როცა გოგონები ოთახში შევედით, რომელიც მაღაზიის ტერიტორიაზეა. ეს ის დროა როცა მაღაზიაში არც ერთი მომხმარებელი არ შემოსულა, პლუს პოსტზე იყვნენ დაცვის თანამშრომლები.

გოგონებმა დავლიეთ ყავა... მეორე დღეს კი სამივეს გვითხრეს რომ 100-100 ლარით დავჯარიმდით. პროტესტის შემდეგ კი, თითქოს შეღავათი გაგვიკეთეს და რეგიონალურმა მენეჯერმა 100 ლარიანი ჯარიმა გადაგვინაწილა სამივე თანამშრომელს.

ვთვლი რომ ჯარიმა უსამართლოდ იყო გამოწერილი და არ გადავიხადე, რადგან ჩვენ არც კომპანია და არც მომხმარებელი არ დაგვიზიანებია. დაჯარმებულებმა დიდი პროტესტი გამოვთქვით და გვინდოდა ნიკორას სათაოო ოფისში კომპეტენტურ პირთან შეხვედრა, თუმცა ამის საშუალება არ მოგვეცა.

რეგიონალურმა  მენეჯერმა მონიტორინგის სამსახურთან გადაგვამისამართა, მაშინ როცა ეს სამსახური მხოლოდ ფაქტს აგზავნის, ჯარიმას კი, რეგიონალური მენეჯერი წერს. მონიტორინგის სამსახრში გვითხრეს, რომ მაღაზიის პერსონალის მიერ ტერიოტორიის დატოივების გამო დავჯარიმდით. როცა ავუხსენით, რომ ჩვენ ნიკორას ტერიტორიიდან არ გავსულვართ და ვიყავით ოთახში და ამასთან, პოსტზე იყო დაცვის სამსახურის ორი წევრი, შემდეგ გვითხრეს, რომ აქ იყო ტექნიკური პრობლემა.

თურმე მათივე დოკუმენტში არსებული ტექნიკური ხარვეზი ჩვენი პრობლემა იყო. პირდაპირ გვითხრეს, რომ ოთხი ადამიანის პროტესტის გამო არაფრის შეცვლას არ აპირებდნენ და ჯარიმები მომავალშიც გაგრძელდებოდა.

თუმცა, წამოსვლისას, ეტყობა შეეშინდათ და 100 ლარიანი ჯარიმის მოხსნის შესახებ გვამცნეს.

- როგორც თქვენი საუბრიდან ირკვევა, მონიტორინგის მხრიდან ეს პირველი ჯარიმა არ იყო...

- რამდენჯერმე ვარ დაჯარიებული. ნიკორას ჰყავს ე.წ მისტიური მომხმარებელი, რომელიც მომხმარებლის ამპლუაში შემოდის მაღაზიებში და ამოწმებს მიკრო კამერით მომსახურების ხარისხს.

სულ სამჯერ მოვხვდი ამ მისტიურის წერილში, 2 ჯერ დადებითი რეკომენდაცია მქონდა, რაზეც მადლობაც კი არავის უთქვამს პრემიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მესამე შემთხვევისას მისტიური ირწმუნებოდა რომ თურმე მე მომხმარებელს არაკეთილ განწყობილი სახით მოვემსახურე და შესაბამისად, 20 ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს.

- ნიკორას მარკეტში ჰიგიენური ნორმები თუ არის დაცული?

- მე რამდენიმე მაღაზიაში მაქვს ნამუშევარი, როცა კადრი არ ჰყავდათ, ვცვლიდი მათ და თითქმის ყველგან ერთი და იგივე მდგომარეობა დამხვდა. ჩემს მაღაზიაში (ვარკეთილში - ხომლელის ქუჩა) კი განსაკუთრებით დგას ანტისანიტარიის პრობლემა.

სამზარეულოში არის მხოლოდ ერთი ნიჟარა, სადაც ირეცხება იატაკის ტილო, ბინძური ვედრო და სხვა, სწორედ ამ ნიჟარის გვერდით ყრია კოვზები და კონტეინერები. ამ კოვზებით ურევენ მაღაზიაში გასაყიდ სალათებს. კონტეინრებში კი დებენ ხორცს და შეძენილ საკვებს.

- თუ ორი წლის განმავლობაში ხედავდით ასეთ ანტისანიტარიასა და უსამართლობას (ჯარიმების გამოწერის მექანიზმს), რატომ დუმდით?

- მონიტორინგის სამსახური შეიქმნა დაახლოებით ერთი წლის წინ, თავიდან ლმობიერები იყვნენ. ხოლო, მას შემდეგ, რაც ნავაჭრმა დაიწია, მაღაზიაში დაიწყო რეპრესიები, თითქმის ყოველ დღე გვაჯარიმებდნენ. 

არ გვაძლევენ კუთვნილ შვებულებას, რომელიც კონტრაქტში არის გაწერილი. თუ მოხდა სასწაული 1 კვირით გიშვებენ შვებულებაში, თუმცა უხელფასოში.

- რამდენად უასაფრთხოა „ნიკორაში“ შეძენილი პროდუქი? თუ იყო პრეცედენტი, როცა ვადაგასული პროდუქტი გაუყიდიათ მარკეტში?

- ძირითადი პრობლემა ანტისანიტარიაა. არ არის დაცული ჰიგიენა“.

„პრესა.ჯი“ იმ მაღაზიის მენეჯერს დაუკავშირდა, სადაც ნონა გაბელაია მუშაობდა. ზეინაბ ალექსანაშვილმა უარყო ინფორმაცია, რომ გაბელაიას, მონიტორინგის სამსახურმა  100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

„პრესა.ჯი“: თქვენი ყოფილი თანამშრომელი ნონა გაბელაია აცხადებს, რომ მონიტორინგის სამსახურმა მას სრულიად უკანონოდ დააკისრა 100 ლარიანი ჯარიმა...

- ნონა გაბელაიას ჯარიმა არ დარიცხვია...

- ის აცხადებს, რომ მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ ეს ჯარიმა მოუხსნეს...

- კიდევ ერთხელ ვამბობ, მას არც ერთი თეთრი არ გადაუხდია.

- თუმცა, თავდაპირველად დაეკისრა თუ არა მას ჯარიმა?

- ნონამ თქვა ჯარიმა გადავიხადეო?

- ქალბატონი ნონა აცხადებს, რომ უკანონოდ დაეკისრა 100 ლარიანი ჯარიმა, რომელიც პროტესტის შემდეგ მონიტორის სამსახურმა მოუხსნა...

- არც დარიცხვია...

- ნონა გაბელაიას გააჩნია ფოტო-მასალა, სადაც ანტისანიტარია ჩანს... 

- გამორიცხულია, ქალბატონი ნონა სადღეღამისო მაღაზიაში მუშაობდა, დამეთანხმებით, რომ როცა ადამიანი ვინმეზე ან რამეზეა გაბრაზებული, შეუძლია ნებისმიერი რამე გააკეთოს ღამე, გადაიღოს სურათი და სხვა...

- რატომ უნდა ყოფილიყო გაბრაზებული, თუ მისთვის არავის დაუკისრებია ჯარიმა?

- არ ვიცი, იცით რა კარგი თანამშრომელი იყო? არ ვიცი რატომ ავრცელებს მსგავს ინფორმაციებს. წასვლის დროს მითხრა სწავლას მოვრჩი და აღარ მინდა მუშაობაო“.

აღსანიშნავია რომ მაღაზიის მენეჯერმა ნონა გაბელაია ბოლოს დადებითად დაახასიათა. პარალელურად კი, უარყო ინფორმაცია მისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ. თუმცა, ვერ ახსნა, რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო გაბრაზებული, თუ მას უსამართლოდ არ მოქცევიან მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები...

„პრესა.ჯი“,  კომპანია „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, გიგა ბატკუაშვილსაც დაუკავშირდა.

"ნიკორას" სუპერმარკეტში ყველა პროცესი მკაცრად არის კონტროლირებადი. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელს და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ეს არის განაწყენებული მომსახურე პერსონალის შეგნებულად ჩადენილი საქციელი“, - მოგვწერა ჩვენი კითხვის საპასუხოდ მან.

ბატონ ბატკუაშვილს არ დაუკონკრეტებია, რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ქალბატონი ნონა გაბელაია „განაწყენებული მოსამსახურე“. მან ვერც ის აგვიხსნა, გამოუწერეს თუ არა, მას, მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა ჯარიმა უსამართლოდ.

სამაგიეროდ, ბატონმა ბატკუაშვილმა „მშრალად“ გვამცნო: "ნიკორას" სუპერმარკეტში ყველა პროცესი მკაცრად არის კონტროლირებადი“. აკონტროლებს თუ არა, „ნიკორა“, სუპერმარკეტების ქსელს და იცავს თუ არა, ანტისანიტარიას, თავად განსაჯეთ. მანამდე კი, ჩვენ, შევეცდებით კიდევ ერთი თანამშრომლის კომენტარი მოვიპოვოთ.


წყარო :http://presa.ge/new/

http://presa.ge/new/?m=society&AID=36484

კომენტარები

მსგავსი სიახლეები