0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფილიპიების ოჯახი სამართლიანობის აღდგენას და უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს

ბიზნესმენი ზურაბ ფილიპია ქუთაისის მერიისა და ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემული, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.

2009 წელს დიდი ხნის მუქარის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს პროკურატურამ დააკავა ზურაბ ფილიპია. ზურაბ ფილიპიას გათავისუფლების სანაცვლოდ, პროკურატურამ  მათთვის სასურველი  ქონებების ჩუქება მოითხოვა.

 

2010 წელს მუქარისა და იძულების შედეგად,  ქუთაისის #2  საპყრობილიდან გამოგზავნილი მინდობილობის საფუძველზე, ზურაბ ფილიპიას შვილმა ქუთაისის მერიას და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა თხოვნით ჩაებარებინა სახელმწიფოსთვის ზურაბ ფილიპიასა და მისი კომპანიის კუთვნილი კერძო საკუთრებები, რომელსაც ჩუქების წესით გადასცემდნენ სახელმწიფოს. ზუსტად ასევე ეწერა განცხადებაში - “გთხოვთ იჩუქოთ”.

 

2011 წელს საეჭვო გარიგების საფუძველზე, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით ებრაულ კომპანია "შიტრიტ ჯგუფს“  ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განლაგებული  13 ობიექტი ერთდროულად  გადაეცა.  მათ შორის იყო ფილიპიების ოჯახისთვის ჩამორთმეული ქონება.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბიზნესმენები ცდილობენ საკუთარი სიმართლე დაამტკიცონ და იძულების წესით ჩამორთმეული ქონება დაიბრუნონ. მათი ქონების ნაწილი დღემდე „შიტრიტ ჯგუფის“ საკუთრებაშია და მიუხედავდ იმისა, რომ ებრაულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, სახელმწიფოს მათთვის ქონება არ ჩამოურთმევია.       

 „აღნიშნულ ხელშეკრულებაში ინვესტორს მხოლოდ ერთი პირობა ჰქონდა სახელმწიფოსაგან, 13 ობიექტიდან 3 ობიექტზე განეხორციელებია 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია 2013 წლის 1 იანვრამდე, რაც დღემდე არ შეუსრულებია. ამ სამი ობიექტიდან ერთ-ერთი გახლდათ ზურაბ ფილიპიასათვის იძულების წესით ჩამორთმეული სასტუმროს შენობა გრიშაშვილზე, რომელიც დღეს გაპარტახებულია.

 

ამ ხნის განმავლობაში ჩვენ რამოდენიმჯერ მივმართეთ ქალაქ ქუთაისის მერიას და მივუთითეთ ხელშეკრულების ის მუხლები რის საფუძველზეც მერია არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც იყო, რომ მოეშალათ ხელშეკრულება მყიდველთან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მიგვაჩნია, რომ ქალაქ ქუთაისის მერია აპირებს გაურიგდეს მყიდველს, გარკვეული ფორმით ჩამოაწეროს ჯარიმები რომელიც დღეისთვის 10 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და ასევე დაუტოვოს მას ამ 13 ობიექტიდან საუკეთესო და მაღალი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონებები. დღევანდელი ხელისუფლება კვლავ ლოიალურია წინა ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესმენების მიმართ, რაც გვაფიქრებინებს, რომ კეთილსინდისიერი მეწარმე და ბიზნესმენი ისევ კორუფციული გარიგებების მსხვერპლი ხდება.“ - აცხადებს ოჯახის ადვოკატი ირაკლი ნიჟარაძე.

 

ბიზნესმენი რაჯი ფილიპია აცხადებს, რომ ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად კვლავ უსამართლოდ ექცევა დაზარალებულ ბიზნესმენებს. ის ეჭვობს, რომ ქუტაისის მერია წინა ხელისუფლების ფავორიტ კომპანიებს მფარველობს: „2013 წლის 29 აპრილიდან მრავალჯერ მივმართეთ საქართველოს პროკურატურას ზურაბ ფილიპიასა და მისი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით. თუმცა, პროკურატურა დღემდე დამნაშავეებს მფარველობს. უფრო მეტიც, თავისუფლად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აბსოლუტურად ცინიკურია პროკურატურის დამოკიდებულება ჩვენი ოჯახის მიმართ. ზემოთ ნათქვამის დასადასტურებლად მხოლოდ ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვანთ:  ამ საქმის გამოძიება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სწორედ იმ პროკურორს დაავალა,  რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში და რომელზეც პირდაპირ მივუნიშნებდით ჩვენს  წარდგენილ საჩივარში. მან, ბუნებრივია, აღნიშნულ საქმეში ვერ აღმოაჩინა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. უფრო მეტიც, ის პროკურორი სტრუქტურაში დღესაც მაღალ პოზიციას იკავებს.“

ფილიპიების ოჯახი მოითხოვს, გასაჯაროვდეს და გამჭვირვალე გახდეს ქუთაისის მერიის მოლაპარაკებები "შიტრიტ ჯგუფთან" და აუხსნან საზოგადოებას, თუ რატომ ხდება სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე აღნიშნული კომპანიის მიმართ კიდევ ერთხელ სასათბურე პირობების შექმნა. 

დაზარალებული ბიზნესმენი, მისი კუთვნილი და ძალადობის გზით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შემთხვევაში, მზად არის კვლავ განახორციელოს ინვესტიცია ობიექტებზე, განავითაროს ბიზნესი და დაასაქმოს მოსახლეობა, რასაც მათი ქონების ამჟამინდელი მფლობელი წლების განმავლობაში არ აკეთბს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები