0 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქონებაწართმეული ბიზნესმენი ქუთაისის მერიას საეჭვო გარიგებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

2011 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით ებრაულ კომპანია "შიტრიტ ჯგუფს“  ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე განლაგებული  13 ობიექტი ერთდროულად  გადაეცა.  ყველაზე ძვირადღირებული ობიექტი, ქალაქის ცენტრში, თეთრ ხიდთან მდებარე სასტუმრო იყო საერთო ფართით 2029 კვ მეტრი. მისი კანონიერი მეპატრონე ფილიპიების ოჯახი იყო. აღნიშნულ ფართთან ერთად ფილიპიების ოჯახს იძულებით და მუქარით კიდევ ორი ობიექტი დაათმობინეს.

ქონების წართმევის პროცესი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან 2009 წელს დაიწყო..

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულმა ბიზნესმენმა რაჯი ფილიპიამ და მისმა ადვოკატმა არჩილ ნიჟარაძემ პრესკონფერენცია გამართეს.  ბიზნესმენი სამართლიანობის აღდგენასა და უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს. მათი განცხადებით, ქუთაისის მერიის ახალი ხელმძღვანელობა, წინამორბედის მსგავსად, უკანონო გარიგებაში შესვლას აპირებს კომპანიასთან, რომელმაც წლების განმავლობაში ვერანაირი საინვესტიციო ვალდებულება ვერ შეასრულა.

არჩილ ნიჟარაძე: „ძალიან საეჭვოდ მიგვაჩნია ქ. ქუთისის მერიის მოქმედებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც პრაქტიკულად უარი განაცხადა ინვესტორის მიერ შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებების გამო ქალაქისათვის უკან დაებრუნებინა 2011 წელს მ. სააკაშვილის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებული ქონება. მერიასა და "შიტრიტ ჯგუფს" შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, მერია არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც იყო, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, გაეწყვტა კონტრაქტი და ცამეტივე ობიექტი დაებრუნებინა ქალაქის საკუთრებაში, მათ შორის 2011 წლამდე ზ. ფილიპიას ოჯახის კანონიერ მფლობელობაში არსებული სასტუმროს შენობა გრიშაშვილის ქუჩაზე, "თეთრ ხიდთან".

 მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს და გამჭვირვალე გახდეს მოლაპარაკებები "შიტრიტ ჯგუფთან" და აუხსნან საზოგადოებას, თუ რატომ ხდება სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე აღნიშნული კომპანიის მიმართ კიდევ ერთხელ სასათბურე პირობების შექმნა.“

რაჯი ფილიპია: "მთავარი შეკითხვები სახელმწიფოსთან და მის ინსტიტუტებთან, კერძოდ ეკონომიკის სამინისტროსთან და ქუთაისის მერიასთან გვაქვს. რატომ ამბობს უარს ქალაქ ქუთაისის მერია, ისედაც მწირი ბიუჯეტის პირობებში, რომ მიიღოს 10 მილიონ ლარზე მეტი და ქალაქს დაუბრუნოს 13 ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი.

 ქუთაისის მერი ცალსახად გვიცხადებს, რომ აღნიშნული კომპანია კეთილსინდისიერი მყიდველია. ჩვენ გვაინტერესებს, ქუთაისის მერიის კომპეტენციის ფარგლებში, რაზე დაყრდნობით აკეთებენ ამ განცხადებას. ქუთაისის მერია ადმინისტრაციული თვითმმართველი ორგანოა, თუ საგამოძიებო, რომელმაც მოიკვლია ყველა მასალა და მსგავსი დასკვნების გამოტანა შეუძლია?!“

პრესკონფერენციაზე გასხვისებული ქონების ფოტომასალაც წარადგინეს, რომელიც სააკაშვილის ბრძანებულების საფუძველზე გასხვისდა.

დაზარალებული მხარე აცხადებს, რომ ქუთაისის მერიასა და შიტრიტ ჯგუფს შორის მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, დაზარალებული მხარე საქმის კურსში უნდა იყოს, რათა, მოლაპარაკებები საეჭვოდ არ წარიმართოს.

„ქონებასთან დაკავშირებით, მთავარი საკითხია, რომ ქონების დათმობის შემთხვევაში, საეჭვო გარიგება არ მოხდეს. მაგალითად, შიტრიტ ჯგუფმა, 13 ობიექტიდან მხოლოდ რამოდენიმე მიწის ნაკვეთი რომ დააბრუნოს, რომლებსაც დაბალი საბაზრო ღირებულება ექნება და ამის საფუძველზე ეპატიოს ყველაფერი“, - აღნიშნა ფილიპიას ადვოკატმა, არჩილ ნიჟარაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები