0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ანნა ძალიან ფრთხილად ექცევა პატარა ძმას, მაშო კი შედარებით ყოჩაღად და მოხერხებულად ართმევს თავს"

ქართული OK! საქართველოს პრეზიდენტის ოჯახს დუშეთში ეწვია, სადაც ბედნიერი წყვილი ახლადმოვლენილ ვაჟს ერთად ზრდის. პატარა თემო ჯერ სულ რამდენიმე თვისაა და როგორც პირველმა ლედიმ გაგვიმხილა, პრეზიდენტიც აქტიურადაა ჩართული შვილის გაზრდის პროცესში. პატარა თემოს არც უფროსი დები – ანნა და მაშო აკლებენ ზრუნვასა და ყურადღებას.

მაკა, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიახლეა თქვენი და ბატონი გიორგის ცხოვრებაში. მოგვიყევით, როგორ შეცვალა თქვენი ყოველდღიურობა პატარამ?
ამ სიახლეს ნამდვილად მოუთმენლად ველოდით და აი, ქვეყანას მოევლინა პატარა თემო. რა თქმა უნდა, შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, თანაც – მნიშვნელოვნად. ახლა მთელი ენერგია ბავშვისკენ არის მიმართული და განსაკუთრებული ყურადღებით ვზრუნავთ პატარას გაზრდასა და განვითარებაზე.

ბატონი გიორგი რამდენად არის ჩართული ბავშვის გაზრდის პროცესში? გეხმარებათ?
დიახ, რა თქმა უნდა, გიორგიც ჩართულია, რამდენადაც დრო და შესაძლებლობა აძლევს ამის საშუალებას. თემოს გაჩენიდან პირველი კვირების განმავლობაში, გიორგი ღამღამობითაც მეხმარებოდა ბავშვის მოვლაში.

პატარას დამოუკიდებლად ზრდით თუ ძიძა გეხმარებათ?
იცით, დამოუკიდებლად, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა, ამიტომ ძიძა გვყავს, რომელიც ძალიან მეხმარება.

მაკა, თქვენი და ბატონი გიორგის უფროსი შვილები რამდენად არიან ჩართული ამ სასიამოვნო პროცესში?
გოგონები მოუთმენლად ელოდნენ ბავშვის დაბადებას. ანნა ძალიან ფრთხილად ექცევა პატარა ძმას, ეშინია ჩვილთან თამამი მოპყრობის, მაშო კი შედარებით ყოჩაღად და მოხერხებულად ართმევს თავს და აძინებს კიდეც.

როგორია პატარა? ჭირვეულია?
ჩვეულებრივი, ზომიერად ჭირვეული ბავშვია.

საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, მეორედ გახდით დედა. პატარას გაზრდა უზომოდ რთული და მომქანცველი პროცესია. გიჭირთ თუ იოლად უმკლავდებით?
გეთანხმებით, ძალიან რთულია პატარას მოვლა. როცა მაშო დაიბადა, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და სრულიად მოუმზადებელი აღმოვჩნდი დედობისთვის. მაშინ ბავშვის გაზრდაში დედა ძალიან მეხმარებოდა. თემო კი სრულიად შეგნებულად გავაჩინე და შვილის გაზრდასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობაც თავიდან ბოლომდე მაქვს გაცნობიერებული.

ადგილი, სადაც პრეზიდენტის ოჯახი ყველაზე კარგად და მყუდროდ გრძნობს თავს...
ყველაზე კარგად დუშეთში, ჩვენს სახლში ვგრძნობთ თავს, სადაც თემოს ოთახზე მის დაბადებამდე ვიზრუნეთ და წინასწარ მოვუწყვეთ. თუმცა, სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ, ერთი თვე გიორგის მშობლების სახლში დავყავით და იქაც შესანიშნავად ვგრძნობდით თავს.

რამდენად ტრადიციული ბრძანდებით? შვილის გაზრდისას ტრადიციულ მეთოდებს ან ცრურწმენებს თუ აქცევთ ყურადღებას?
კარგი, კეთილი ტრადიციები, რა თქმა უნდა, მისაღები და სასურველია, თუმცა მიმაჩნია, რომ თითოეული ადამიანისათვის ღვთის მთავარი საჩუქარი თავისუფლებაა. ყველა ბავშვი თავისუფალ, კეთილ, მოსიყვარულე და ლაღ გარემოში უნდა გაიზარდოს.

მაკა, ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებით. სად იმოსებით?
სამოსი ჩემი სტილისა და ხასიათის მაჩვენებელია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ამ სფეროს არასოდეს ვაქცევდი. ჩემთვის მთავარია, ტანსაცმელში კომფორტულად ვგრძნობდე თავს. ახლა მიწევს გარკვეულწილად პროტოკოლს დავემორჩილო და მეტი ყურადღება დავუთმო სამოსის შერჩევას.

რომელ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?
ჩემთვის ყველაზე ახლობელი და მუდმივად საინტერესო დიზაინერი იყო და არის იოჯი იამამოტო (Yoji Yamamoto). გარდა ამისა, ხშირად თავად ვქმნი ტანსაცმლის დიზაინს და შემდეგ ვაკერინებ. ასევე, ძალიან მომწონს ქართველი დიზაინერები. ბოლო პერიოდში, მოდის კვირეულებზე, მათ მიერ წარმოდგენილი არაერთი საინტერესო კოლექცია ვიხილე და მიმაჩნია, რომ საქართველოში მოდა თანდათანობით ვითარდება. ამგვარად, დიდი სიამოვნებით ვირგებ ქართველი დიზაინერების სამოსსაც.
okmagazine.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები