0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რატომ ეჩხუბებიან „X ფაქტორის“ რეპეტიციებზე მარიამ ჯანჯღავას და როგორ ახასიათებს ის ანრი ჯოხაძეს?

ნათია უტიაშვილი

„X ფაქტორის“ მონაწილემ, 15 წლის მარიამ ჯანჯღავამ არა მხოლოდ ჟიურის, მაყურებლის მოხიბვლაც შეძლო. ნიჭიერი, ენერგიული და ხალისიანი გოგონა ამჟამად სკოლაში სწავლობს და მომავალში მომღერლის კარიერის გაგრძელებას აპირებს.

მარიამ ჯანჯღავა: ჯერჯერობით პროფესია არ ამირჩევია, თუმცა, სიმღერა ჩემთვის მხოლოდ გართობა არ არის, რომელსაც თავს დავანებებ; სიმღერა ჩემთვის ყველაფერია და ვაპირებ, მომღერალი გავხდე. პროფესიებს რომ ჩამოთვლიან ხოლმე, მე, ალბათ, ამ ჩამონათვალიდან იურიდიულს ავირჩევდი. ბავშვობიდან ყველა მეუბნებოდა: მარიამ, შენ იურიდიულზე უნდა ჩააბაროო, რადგან, სულ სხვის უფლებებს ვიცავდი – ვინმეს რომ ჩაგრავდნენ, გამოვესარჩლებოდი ხოლმე.

– ამის გამო კონფლიქტებიც ხომ არ მოგსვლია სხვებთან?

– სკოლაში არავისთან არ მქონია კონფლიქტი, არც კლასში. პატარა წაკამათებები ყოფილა, როდესაც მასწავლებელს სხვისთვის ნაკლები ნიშანი დაუწერია და ამის გამო ბოლოს ისევ მე ვიჩაგრებოდი.

– უფლებათა დამცველი ყოფილხარ.

– დიახ. მერე მე ვიღებდი საყვედურებს და ჩემს მშობლებს ეუბნებოდნენ: თქვენი შვილი ამას აკეთებს, იმას აკეთებსო. ამის  გამო მერე მათ სკოლაში იბარებდნენ: „ჯანჯღავა, შენი მშობელი მოვიდეს სკოლაში”. სულ ჯანჯღავა და ჯანჯღავა!.. ძირითადად, დედა და ბებო მოდიოდნენ, მამას არ ეცალა ხოლმე, მაგრამ, როცა საქმე დირექტორამდე მივიდოდა, მერე უკვე მამა მოდიოდა. ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი. სამი-ოთხი წლის წინ ბევრად კარგად ვსწავლობდი და უფრო ცელქი ვიყავი; ახლა ისე კარგად აღარ ვსწავლობ, მაგრამ, დავჭკვიანდი; თან, ბავშვური ვარ და მიყვარს ბავშვური რაღაცეები. 

– რაში გამოიხატებოდა შენი სიცელქე?

– ძალიან აქტიური ვიყავი და გაკვეთილებზე ბევრს ვლაპარაკობდი. უზრდელი და ცუდი ბავშვი არ ვყოფილვარ. შატალოზე რომ მივდიოდით, მე ვიყავი ორგანიზატორი, პირველი მე გავრბოდი. ექსკურსიებზეც, სხვა მშობლები ხომ იყვნენ ჩართულები, მაგრამ დედაჩემი განსაკუთრებულად იყო ჩართული, ორივე აქტიურები ვართ. ერთხელ მე და ჩემი თანაკლასელი გამათბობელთან ვიდექით და  ვთამაშობდით. უცებ რაღაც მოსძვრა და ჩვენ დაგვბრალდა. იმ ჩემს თანაკლასელს რიცხავდნენ სკოლიდან და მე, რა თქმა უნდა, დავიწყე: არა, არა... ბოლოს ახსნა-განმარტებები დაგვაწერინეს. არავისთან არ მითქვამს და ახლა უნდა ვთქვა: ისეთი გიჟი კლასი მყავდა, ოთახში შესვენებებზე მერხებს ვაწყობდით და ჩანთებით ბოულინგს ვთამაშობდით. 

– სკოლა შეიცვალე? 

– დიახ, ხუთი წელი ვსწავლობდი 186-ე სკოლაში, მერე გადავედი 126-ეში. ეს ხუთი წელი ჩემთვის დაუვიწყარია, მაგ სკოლაზე დღემდე ვგიჟდები, თუმცა, ისეთ მაგარ კლასში გადავედი, რომ ყველას დავუმეგობრდი. ძველ კლასთან დაშორება ძალიან გამიჭირდა, უბრალოდ, კლასში ვისთანაც ყველაზე კარგად ვიყავი, ისინიც სხვა სკოლაში გადავიდნენ და, ამიტომ, უფრო ადვილად შევეგუე. თუმცა, ჩემს ყოფილ თანაკლასელებთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს. 

– სახლშიც ცელქი და მოუსვენარი ხარ? 

– სახლში არ ვცელქობდი, მაგრამ, სულ დედაჩემის კივილი ისმოდა: ამოდი, შვილო, მაღლაო, – სულ ეზოში ვიყავი. მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და ვერასდროს ვერ ამოვყავდი დედას ეზოდან. ბავშვობაში ორი გოგო ვიყავით ეზოში – მე და ჩემი დაქალი თათია, დანარჩენი ბიჭები იყვნენ. ბიჭებთან ურთიერთობა უფრო გამომდიოდა და ყველანი ვთამაშობდით ფეხბურთს, კალათბურთს. მეკარედ მაყენებდნენ ხოლმე, რადგან, ფეხბურთის აზრზე არ ვიყავი. 

– მშობლები მკაცრად გსჯიდნენ?

– არა, უბრალოდ, დედა ხშირად არ მიშვებდა გარეთ. სხვა ბავშვების მშობლები ეუბნებოდნენ ხოლმე, თქვენი შვილი ჩემს შვილს ეჩხუბებაო, ოღონდ, მართლა არ იყო ჩემი ბრალი. იმდენად აქტიური ვიყავი და ვიცავდი სხვა ბავშვებს, რომ მერე ყველა მე მაბრალებდა ყველაფერს. ამიტომ, დედაც არ მიშვებდა გარეთ, თან, ბევრი სამეცადინოც მქონდა ხოლმე. ახალგაზრდა მშობლები მყავს და კარგად ესმით ჩემი, მიგებენ. თან, არ ვარ ისეთი გოგო, ისეთი რაღაც  გავაკეთო, რაც მშობლებს არ მოეწონებათ. 

– როდის დაიწყე სიმღერა? 

– სიმღერა 3 წლიდან დავიწყე, მაგრამ ჩემს ოჯახში დედა, ბაბუა, ბებია – ყველა მღერის, ოღონდ, დედაჩემის მხრიდან, თან, პროფესიონალურ დონეზე. დედამ, რადგან შვილები ჰყავდა და ბევრი პასუხისმგებლობა ჰქონდა, სიმღერას თავი დაანება. მამაჩემმა ჭოხონელიძეების სტუდიაში მიმიყვანა და, იქიდან მოყოლებული, 9 წლამდე თინიკო მამზადებდა. პირველი კონცერტი 3 თუ 4 წლის ასაკში მქონდა, ვიდეოებიც მაქვს. ბავშვობა ძალიან ძვირფასია ჩემთვის. 8  წლის რომ ვიყავი, ესპანეთში წავედი ბარსლონაში სიმღერის კონკურსზე და პირველი ადგილი ავიღე; „ანა-ბანაშიც“ გამოვდიოდი და მეორე ადგილზე გავედი, დღემდე მაქვს საჩუქრები შენახული. კიდევ იყო „ვოისი,“ შარშან კი „X ფაქტორში“ გოგონების ჯგუფთან ერთად გამოვედი. ბევრი გეგმა გვქონდა, იტალიაში მივდიოდით ფესტივალზე, მაგრამ, ბრმა ნაწლავის ოპერაცია გავიკეთე მოულოდნელად და ვეღარ წავედით. მერე ჩვენი ჯგუფი დაიშალა, თუმცა, დღემდე ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს. როდესაც „X ფაქტორში“ ვმონაწილეობდით, მაშინ სკამების ტურზე ჟიურიმ ჩემზე გააკეთა აქცენტი, მე გამომარჩიეს და ამან სტიმული მომცა. მაინც არ ვაპირებდი მეორედ მონაწილეობას, მაგრამ, მეგობრებმა მირჩიეს და მთხოვეს, გამოვსულიყავი. რომ არა მეგობრები, ამდენს ვერ შევძლებდი, მამხნევებდნენ – შენ ეს შეგიძლიაო. 

– როგორი მენტორია ანრი? 

– ძალიან კარგი, გამიხარდა. იუმორისტია, მაგარი მენტორია და სულ გვამეცადინებს. რეპეტიციებზე ძირითადად მეჩხუბებიან, რადგან, არ ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს. რეპეტიციაზე არ შემიძლია იმ ენერგიის, ემოციების ჩადება, რასაც სცენაზე ვაკეთებ, თან, ყელსაც ვუფრთხილდები და ჩემი შესაძლებლობის 20-30 პროცენტს ვხარჯავ, სხვები კი ბოლომდე იხარჯებიან, მობილიზებულად არიან. მაგრამ სცენაზე რომ გავდივარ, რადიკალურად იცვლება ყველაფერი. რომ ვხედავ ხალხის დადებით ემოციებს, მათი ენერგია ჩემთან მოდის და ასი პროცენტით შეცვლილი გავდივარ. რეპეტიციებზე ძალიან უჟმური და მშვიდი ვარ: ერთი, რომ ვიღლები და მეორე – რეპეტიციაა და ცანცარი არ შეიძლება. თუმცა მაინც კარგად ვმხიარულობთ და ვერთობით, ოთხივე კარგ დროს ვატარებთ ერთად. 

– რა თქმა უნდა, მოგების იმედი გექნება. 

– ვინც ასეთ კონკურსში მონაწილეობს, ცხადია, მოგების იმედიც აქვს, თუმცა, ზოგი გამოცდილების მისაღებად მიდის. კონკურენცია ძალიან დიდია. სკამების ტური განსაკუთრებით სანერვიულო იყო. სიმღერაც ისეთი იყო, ჟანრობრივად არეული, თუმცა აქტიური და, შევძელი მაყურებლის აყოლიება. უბრალოდ, მე უფრო ლირიკული, წყნარი სიმღერები მომწონს, მაგრამ, ალბათ, მოვიხდინე ეს ჟანრიც, რადგან, დავრჩი პროექტში და შემდეგ ტურში გადავედი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები