0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა შესთავაზეს გია სურამელაშვილს და რატომ გადაიჭრა მომღერალმა ვენები ?

უკვე ოცდაშვიდი წელია, რაც გია სურამელაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. დიდი ხანია, მომღერალი თავის შესახებ ჭორებსა და მითქმა-მოთქმას შეეჩვია და საზოგადოებასაც ისეთი სახის ინფორმაციას აწვდის, რომელიც ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იქნება საკმარისი. სიყვარული რომ ადამიანს ათას სისულელეს აკეთებინებს, ეს ყველამ კარგად ვიცით.  ამ თვალსაზრისით, არც გია აღმოჩნდა გამონაკლისი და საყვარელი ადამიანის გამო ვენებიც კი გადაიჭრა...

 

– როგორც ყოველ წელს, წელსაც გრანდიოზულად აღნიშნეთ დაბადების დღე. ასაკის მომატებას არ განიცდით?

– რესტორან „სამ საუკუნეში“ მეგობრებთან,  ახლობლებთან და გულშემატკივრებთან ერთად  აღვნიშნე იუბილე. 23-ში დავიწყე კონცერტით და 24-ში ასე მხიარულად შევხვდი ჩემს დაბადების დღეს. 46 წლის გავხდი და საერთოდ არ განვიცდი ასაკის მომატებას. უბრალოდ,  ძალიან სწრაფად გავიდა წლები. რაც მთავარია, შინაგანად ვგრძნობ, ასაკი რომ არ მეტყობა (იცინის).

– 27 წელია, სცენაზე ხართ. თქვენს პირველ გამოჩენას და 90-იან წლებს როგორ გაიხსნებთ?

– 27 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ, ასე მგონია, ეს ყველაფერი გუშინ იყო. საკმაოდ რთული გზა გავიარე – ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. პოპულარობა უცებ მოვიპოვე – გამოვჩნდი თუ არა, მაშინვე დაიწყო სისტემატური გასტროლები და კონცერტები. საკმაოდ ახალგაზრდა შევეჭიდე ამ რთულ საქმეს. თავიდან, საქართველოს ყველა კუთხე  მოვიარე და  ბოლოს ყველაფერი სოლო კონცერტით დავაგვირგვინე – გავრისკე და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოვედი. ამდენი წელია, სცენაზე ვდგავარ და ახლაც შიში მაქვს სოლო კონცერტების,  მაშინ, ხომ წარმოგიდგენია, როგორ ვიქნებოდი. საოცარი განცდა იყო.   ფილარმონიაში ჩატარებული კონცერტების რაოდენობის მიხედვით, რეკორდი მაქვს მოხსნილი – თვეში ხუთჯერ მაინც გამოვდიოდი ამ სცენაზე. 

– როგორც თავად თქვით, ნუგოს მკაცრად ზრდიდით. როგორი ბაბუა ხართ?

– არც ძალიან მკაცრი ვიყავი. კარგი ბაბუა ვარ. ალბათ, რამდენიმე წელიწადში თავად ლიკა გეტყვით, როგორიც ვარ (იცინის). ძალიან ვანებივრებ  და, როგორც ბაბუებს შეეფერება, ვათამამებ კიდეც. 

– უცხოეთიდან არაერთი შემოთავაზება გექნებოდათ, რომლის მეშვეობით, უკეთეს კარიერას გაიკეთებდით. რატომ არ წახვედით საქართველოდან?

– მოსკოვში თერთმეტი წელი ვცხოვრობდი და შემეძლო, იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ, არასდროს მქონია სურვილი, სამუდამოდ გადავბარგებულიყავი უცხო ქვეყანაში. დღეს მაქვს შანსი, ამერიკაში წავიდე. სერიოზული შემოთავაზება მივიღე, მაგრამ, არ ვიცი, რას გადავწყვეტ. არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკაში გადავიდე. თუ წავედი, ერთ-ერთი მიზეზი პირობების გაუმჯობესება იქნება. ჩვენთან, სამწუხაროდ, უფსკრულისკენ მიექანება შოუ-ბიზნესი და არანაირი გასაქანი აღარაა ქვეყანაში, ამიტომ, რასაც ამერიკა მთავაზობს, არ უნდა გავუშვა ხელიდან. 

– როგორც ვიცი, ბევრჯერ გყვარებიათ, თუმცა, მეუღლესთან დაშორების შემდეგ ოჯახი აღარ შექმენით. რატომ?

– ნამდვილად გეტყვით, რომ  არასდროს მქონია ოჯახის შექმნის სურვილი. ჩემთვის იგივე ოჯახია, როდესაც საყვარელი ადამიანი გყავს გვერდით და მასთან ერთად ცხოვრობ. ამისთვის აუცილებელი არაა, ჯვარი დავიწერო და ქორწილი გადავიხადო. როდესაც საყვარელი ადამიანი გყავს და ბედნიერი ხარ, ეს უკვე ოჯახია. 

– მიუხედავად იმისა, რომ ყველას აინტერესებს თქვენი პირადი ცხოვრება, არ ჭორაობენ ხოლმე. ამას, როგორ ახერხებთ?

– სიყვარულსა მალვა უნდაო, ხომ გაგიგონია (იცინის). რატომ უნდა გამოვიტანო სააშკარაოზე ჩემი პირადი ურთიერთობა და ავალაპარაკო ხალხი?! მიუხედავად იმისა, რომ ყველას აინტერესებს ეს საკითხი, კონკრეტულად არასდროს  ვსაუბრობ ვინმეზე. რა ინფორმაციასაც ვაწვდი საზოგადოებას, საკმარისია ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ვფიქრობ, რომ, შენი პირადი ცხოვრება – ვისთან ხარ ღამით ბედნიერი და რამდენჯერ ეუბნებით ერთმანეთს – „მიყვარხარ”,  ქვეყანამ არ უნდა გაიგოს. 

– სათვალეების გარდა, კიდევ რისი კოლექცია გაქვთ?

– სათვალეები ძალიან მიყვარს და მართლა ბევრი მაქვს (იცინის). კოლექციონერი ვარ შარფების, სამკაულებისა და ქუდების. რაც შეეხება ქუდებს, ერთი პერიოდი ხშირად ვიხურავდი, ახლა, რატომღაც, აღარ მოვიხმარ, თუმცა, როგორც სათვალე, შარფი და სამკაული უამრავი მაქვს. ადრე გიშრისთვლიან ბეჭედს ვიკეთებდი, თვალი რომ არ ამეღო, მაგრამ, ამასაც შევეშვი. საერთოდ, ძალიან ადვილად ვიღებ თვალს (იცინის).

– როგორ ხვდებით, რომ „თვალი” აიღეთ?

– არის მომენტი, როდესაც, ხალხმრავალ ადგილას, უცებ  გამიფუჭდება ხასიათი; შეიძლება, თავიც ამტკივდეს და რაღაც მსგავსი დამემართოს. ხასიათი რომ გამიფუჭდება და შებოჭილად ვიგრძნობ თავს, იმ ადგილს  აუცილებლად ვტოვებ. შეიძლება, ეს იმ წუთში ვერ  ვიგრძნო, მაგრამ, მერე მეწყება უხასიათობა, მთქნარება და ასე შემდეგ. ასეთ დროს ვგრძნობ, რომ არასასიამოვნო თვალი ავიღე. 

– ამბობენ, რომ საკუთარი ექსტრასენსი გყავთ.

– არა, არავინ მყავს. უბრალოდ, ეს ადამიანი ჩემი ახლობელი იყო და რამდენჯერმე ვკითხე  რჩევა. საერთოდ,  მიმაჩნია, რომ ყველა თვითონაა საკუთარი თავის ექსტრასენსი. სხვათა შორის, მაგ საკითხით დაინტერესებული ვარ, მაგრამ, რომ გითხრა, ექსტრასენსებთან დავდივარ-მეთქი, მოგატყუებ.  მინდა, რომ ჩემზე წინასწარ გავიგო რაღაცეები საკუთარ თავზე; ცნობისმოყვარეობის გამო ყავის ჭიქაც გადამიბრუნებია. ექსტრასენსი არ ვარ, მაგრამ, კარგი წინათგრძნობა მაქვს. 

– ვენები ვის გამო გადაიჭერით?

– საყვარელი ადამიანის გამო, რომელიც ჩემგან წავიდა. როგორც იცით, წლების განმავლობაში მოსკოვში ვცხოვრობდი და იქ გავიგე მისი გარდაცვალების შესახებ. სიგიჟემდე მიყვარდა. მის გარდა ასე არანორმალურად მართლა არავინ მყვარებია. ეს პერიოდი იყო ჩემთვის ძალიან მძიმე და, კიდევ – დედის გარდაცვალება. რომ მახსენდება, დედა აღარაა, ძალიან ცუდად ვხდები, თავის შეკავება მიჭირს და ცრემლები მომდის. ძალიან მენატრება, ჩემი ყველაფერი იყო. 

– ვენების გადაჭრა თვითმკვლელობის ტოლფასია. ამ გადაწყვეტილებამდე რამ მიგიყვანათ?

– თვითმკვლელობაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი, სიკვდილს არ ვაპირებდი. 

– ვენებს რომ იჭრიდით, აბა, რა გეგონათ?

– ვენაც არ გადამიჭრია, უფრო, გადავისერე ხელი. ნასვამი ვიყავი და თავი ვეღარ გავაკონტროლე. ძალიან მეტკინა და განვიცადე, რაც მაშინ მოხდა ჩემს ცხოვრებაში. სიკვდილზე არ ვფიქრობდი და არც ვაპირებ (იცინის).

– ყოველთვის ძვირფას სამკაულს ატარებთ. ოდესმე თუ დაგიკარგავთ?

– ძალიან მიყვარს სამკაულები და, შესაბამისად, მაქვს როგორც ბიჟუტერია, ასევე ოქრო და ბრილიანტებიც. ძალიან ხშირად ვკარგავ, ბეჭედიც მომძრობია თითიდან და ბრასლეტიც დამიკარგავს. ნერვები მეშლება, ხოლმე ასეთ დროს ჩემ თავზე (იცინის). 

– ბრილიანტების დაკარგვას როგორ ეგუებით?

– ძალიან განვიცდი. საკუთარ თავზე გაბრაზებული, ისევ ვყიდულობ ხოლმე (იცინის) – ასე ვისაჩუქრებ ხოლმე თავს. 

ჟურნალი "თბილისელები"



კომენტარები

მსგავსი სიახლეები