0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ უნდა შეხვდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი შობის ღამეს?

შობის ღამესთან დაკავშირებით არსებობს ტრადიცია. ამ ღამეს ფანჯარასთან ანთებენ სანთელს და ამით მოვიხმობთ ყოვლადწმიდა ქალწულს, მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას ჩვენს სახლებში და არა მარტო ჩვენს სახლებშიარამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გულებში.

“იხარებდ ბეთლემო, მეუფეო მთავართა იუდასთაო, რამეთუ მწყემსი ისრაელისა, ქერუბიმთა ზედა მჯდომარე, შენგან გამოგვიბრწყინდა ქრისტე, რომელმან აღამაღლა რქა ჩუენი” (შობის სძლისპირი).

იმ იდუმალ ღამეს ანგელოზთა დასი, მარადჟამს მადიდებელი ღვთისა, საოცარი მოკრძალებითა და გაოცებით უმზერდა დედამიწაზე აღსრულებულ უდიდეს სასწაულს – კაცობრიობის მხსნელის დაბადებას დავითის ქალაქში; მაგრამ ღვთის განკაცება მოხდა არა დიდებითა და ბრწყინვალებით, არამედ გამაოგნებელი სიმდაბლითა და უბრალოებით. ამქვეყნად ერთი სახლიც კი არ მოიძებნა, რომელიც შეიფარებდა და უმასპინძლებდა ღვთისმშობელ დედასა და მართალ იოსებს. მხოლოდ პირუტყვთა თავშესაფარში აღმოჩნდა მათთვის ადგილი. გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლი წარუდგა პირველად სოფელს ღვთაებრივი ყრმა – იესო ქრისტე და ამით სიმბოლურად მიანიშნა, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, არის მათთან, რომელნიც, საზოგადოებისაგან უსამართლოდ გარიყულნი, უპოვარნი და მარტოსულნი არიან. ასეთი იყო ხვედრი წმინდა ოჯახისა და კაცთა ხსნისათვის მოვლენილი ჩვილი მაცხოვარისა. თითქოს ამ ცოდვის გამოსყიდვის მიზნით ზოგიერთ ქვეყანაში ტრადიციად აქვთ შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთლის დადგმა, რათა თავისთან მიიწვიონ ღამით თავშესაფრის საძებნელად სადმე ახლოს მიმავალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები.

შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს.

იქნებ საქართველოშიც დავამკვიდროთ ეს წესი, ოღონდ შინაგანადაც უნდა მოვემზადოთ საოცარი სტუმრების მისაღებად – გული უნდა განვიწმინდოთ ყოველგვარი ბიწისაგან, რათა მის უბრალოებასა და სისუფთავეში არა მარტო იშვას, არამედ დაემკვიდროს კიდეც უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუმცა განსაცდელისა და საცდურის სიმრავლის გამო ჩვენს დროში ამის მიღწევა ადვილი არ არის.” – ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლედან 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები