0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ბნელოდა, ციოდა... მაგრამ ნიკო გვყავდა და ჩვენ სამს ერთმანეთი გვყოფნიდა"ნათია ფანჯიკიძის სენტიმენტალური წერილი

"ქორწილი არ გვქონდა - მამებმა, თბილისის ომით შოკირებულებმა,ვერ ვიზეიმებთო. 
ბნელოდა, ციოდა... მაგრამ ნიკო გვყავდა და ჩვენ სამს ერთმანეთი გვყოფნიდა. 
მერე ომში წავიდნენ. ირაკლი (18 წლის) ჭუბერის გზით დაბრუნდა. მამამისი დახვრიტეს და საერთო საფლავში დამარხეს 27 მისნაირ შეუპოვართან ერთად. 
შემდეგი 4 წელი, - ირაკლი ეძებს ცხედარს, ატყუებენ, გატანთო, ცინკის კუბოთი დადის აფხაზეთში და მოყავს სხვისი მიცვალებული. მიყავს ოჯახებში და იქ მას სიხარულით ხვდებიან, - უხარიათ, რომ საფლავი ექნებათ.
მერე ვიღაც ჩნდება, ხან დაღესტნიდან, ხან აქვე და ოჯახებიდან ფულს კრეფენ, უკანასკნელ კაპიკებს, თქვენი მამა, ძმა, შვილი ცოცხალია და გამოსასყიდია საჭიროო. ტანსაცმელსაც ვატანთ. ირაკლი სიგარეტსაც უგზავნის... ისევ ტყუილია. 
ეკას ვაჩენთ, ახალი ეტაპის დაწყება მინდა, უფრო ბედნიერის. 
ირაკლი მეუბნება, რომ მიდის სამხედრო საჰაერო ბაზაზე არიზონაში ერთი წლით, ოფიცრების სკოლაში, რომელთაც უკიდურეს პირობებში, რაზმის შეკვრა და საომარი სპეცოპერაციის ჩატარება შეუძლიათ. 23 წლისაა და შურისძიებაზე ოცნებობს. სანამ იქაა, აქ კვდება მამაჩემი. გვშია, გვცივა.
დაბრუნების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში იწყებს მუშაობას. 
მალე ვაშინგტონში მივდივართ. ამ დროს პანკისს ბომბავენ, რუსები ისევ გვიწვევენ საომრად. ირაკლის სახელდახელოდ ნიშნავენ უშიშროების მინისტრის მოადგილედ, რომ პროვოკაცია არიდებული იყოს. კაბინეტში დღე არ გაუტარებია, ცხოვრობს ტყეში. ორჯერ შეუკვეთეს მისი აფეთქება ქათველებმა ჩეჩნებს. მათაც ვერ გაიმეტეს. კაცები ერთმანეთს პატივს სცემენ. 
ვარდების რევოლუციის შემდეგ ირაკლის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ნიშნავენ. პირველივე ნაბიჯი, - მიდის სოხუმში. პირველი და უკანასკნელი ამ რანგის ოფიციალური პირი, ვინც ჩავიდა. შურისძიების გრძნობა გაქრა. სრულიად კავკასიური ვაჟკაცობით ორივე მხარემ პატივი სცა ერთმანეთის ტკივილს და გაჩნდა ნდობა. დაიწყო ოფიციალური პირების მიმოსვლა, ჩამოვიდა შამბა თავისი დელეგაციით... ირაკლი უცებ გაეროში გაუშვეს. კი, იქაც ისევ საქართველოსთვის საბრძოლველად, თუმცა ცოცხალი და ნამდვილი პროცესი შეწყდა. დარჩა მხოლოდ ჟენევის ფორმატი. აფხაზებმა განაცხადეს, რომ ენდობიან მხოლოდ ირაკლის. სააკაშვილი იძულებული გახდა მისთვის დაემატებინა სპეციალური რწმუნებულის სტატუსი და ირაკლი დაფრინავდა ნიუ იორკიდან ჟენევაში. მერე იყო 2008.
რუსეთმა გამოაცხადა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ირაკლი გადადგა გაეროს მისიის ელჩის თანამდებობიდან. 
მას მერე ამბები იცით. 
მავთულხლართებიც უფრო და უფრო ახლოს მოვიდა. უაზრო მსხვერპლი არ ღირს. შედეგი იგივე დადგება, რაც 2008-ში, ოღონდ მსხვერპლით. ადამიანები ძვირად უღირს. 
იწყებს იარაღის მოთხოვნას, რომელსაც თავდაცვითი ფუნქცია აქვს და იმდენად სოლიდურია, რომ თავში წამორტყმის წინ დაფიქრება მოუწევს ნებისმიერ მტერს. ეს უკვე ბევრი რამის გარანტიაა. აღწევს კიდეც - ემბარგო მოხსნილია. 
ვიღაცას კაბელების მაგისტრალი არ მოეწონა...
ახლა ოპოზიციაშია და ისევ იგივე მიზნისთვის იბრძოლებს, - საქართველო გაძვრეს ნემსის ყუნწში. მისი გეზი, იდეა მკაფიო იყო ყველა დროს და ყველა პოზიციიდან. 
ქვეყნის დამოუკიდებლობა და მაღალი კულტურული სტანდარტი.
ძალიან მოკლედ, ძალიან მშრალად, მაგრამ რატომ ვყვები ამას? - იმის პასუხად მხოლოდ, აზრის განმტკიცებას რომ ცდილობენ, რომ ვიღაცას თანამდებობა ისე უბრალოდ აჩუქეს და ... ვიღაცეებს აჩუქეს კი.. ბიოგრაფიის, საკუთარი გზის და იდეის გარეშე. მათ ალბათ მეტად მართებთ უპირობო მორჩილება. რაც უფრო მეტად აჩუქეს, მით უფრო მეტად. 
მე პატივს ვცემ ირაკლის მთელი შეგნებული ცხოვრების უწყვეტ თავგადასავალს. 
რა მერჩივნა, ეგ სხვა საქმეა"-ამ შინაარსის სტატუსი ნათია პანჯიკიძემ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები