1 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ამალია ჯიბლაძის ცხოვრება მუდმივ სირთულეებსა და განსაცდელებში -რა მიზანი ჰქონდა მომღერალს „ნიჭიერში“ მოსვლით


„ნიჭიერში“ ამალია ჯიბლაძის ნამღერმა, დარწმუნებული ვარ, არავინ დატოვა გულგრილი. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ მეორე დღეს ლამის მთელი საქართველო და სოციალური ქსელები მის ნიჭიერებაზე ალაპარაკდა. ჩრდილში ყოფნას მიჩვეული ამალიასთვის ეს არცთუ ადვილად გადასატანი აღმოჩნდა – ამდენმა დადებითმა ემოციამ ის ძალიან დააბნია. თუმცა, მეორე დღეს დადებითი ემოციები უარყოფითმა შეცვალა, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ამალიას შესრულების შენელებული ვერსია და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამალიამ ფონოგრამით იმღერა, რასაც მოჰყვა ქართველი მომღერლების კომენტარებიც, მათ შორის, ანრი ჯოხაძის ეჭვი, რომ „ნიჭიერის“ მონაწილე ცოცხლად არ მღეროდა. თუმცა, სწორედ ჩვენს ინტერვიუმდე ხუთი წუთით ადრე, ანრი „რუსთავი 2-ში“ წითელი ვარდების თაიგულით მივიდა ამალიასთან და მოუბოდიშა: „ისეთ გაუგებრობაში აღმოვჩნდი, ამას ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს. ალბათ, გავცხარდი, ემოციებს ავყევი და დავწერე ასეთი კომენტარები. ამიტომაც, არ შემეძლო, არ მოვსულიყავი შენთან, არ მოგფერებოდი და არ მეთქვა: მეც და მთელ ჩემს ოჯახსაც მიგვაჩნია, რომ შენ ძალიან, ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ და ბოლომდე გიგულშემატკივრებ, ისევე, როგორც მთელი საქართველო“. ამ ამბავმა ემოციური და ყურადღებას მიუჩვეველი ამალია უფრო მეტად დააბნია და გარკვეული შიშიც გაუჩნდა: ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. მეც, ინტერვიუზე მისულს, ნამტირალევი დამხვდა, მის მზერასა და თვალებში კი უნდობლობა გამოსჭვიოდა. სამაგიეროდ, ბედნიერი და გახარებული იყო მისი პატარა, ლამაზი გოგონა, რომელიც დედას გვერდიდან არ შორდებოდა. საბოლოოდ, ჩემი და ამალიას ურთიერთობა შედგა, რამდენიმე წუთში დავმეგობრდით კიდეც და ერთმანეთის გაღიმებაც შევძელით. ინტერვიუს მსვლელობისას საკუთარი სიმღერაც წაიღიღინა და მივხვდი: მისი თვალებიდან ბევრ განსაცდელთან შეჭიდებული ძლიერი ქალი მიმზერდა, რომელსაც სურს, საკუთარი შვილისთვის გახდეს წარმატებული ადამიანი. ვიმედოვნებ, რომ მის ცხოვრებაში მომხდარი ყველა განსაცდელი ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდება, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და, დაბნეულ და ბევრ პრობლემასთან შეჭიდებულ ამალიას კი უფრო ხშირად გაუჩნდება სახეზე ლამაზი ღიმილი. 

– ამალია, მოულოდნელად ძალიან ბევრი ემოცია და ყურადღება დაგატყდათ თავს. ელოდით, რომ ხალხი „ნიჭიერში“ თქვენს გამოსვლას ასეთი დადებითი ემოციებით შეხვდებოდა?

ამალია ჯიბლაძე: რა თქმა უნდა, არ ველოდი და გამიკვირდა კიდეც. სამწუხაროდ, როდესაც ერთი ჭორი გავარდება, მერე თითქმის ყველაფერს მოედება ხოლმე.

– ანრი ჯოხაძე ცოტა ხნის წინ მოვიდა თქვენთან, ვარდები მოგართვათ და ამ გაუგებრობის გამო ბოდიშიც მოგიხადათ.

– სხვათა შორის, ძალიან გავოცდი და გამიკვირდა ანრის მოსვლა, რადგან, მე დღეს არავინ არ ვარ. ძალიან გამიკვირდა. 

 ნამდვილად არ გიმღერიათ ფონოგრამაზე, ცოცხლად შეასრულეთ?

– რა თქმა უნდა, ცოცხლად ვიმღერე. ფონოგრამები ბევრი მაქვს. რომელზე ვმუშაობ, ჯერჯერობით ეს საიდუმლოა. რა თქმა უნდა, არ გამომიყენებია სცენაზე ფონოგრამა. თუ გინდათ, ახლავე გიმღერებთ. 

– არ მინდა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად მღერით. ახლა კი სხვა თემაზე გადავიდეთ. მომიყევით თქვენ შესახებ, როგორ გარემოში იზრდებოდით, როგორი იყო თქვენი ცხოვრება წლების წინ? 

– სიმღერა სკოლის გუნდში დავიწყე. გლდანში ვცხოვრობდი, მაგრამ, ლილოში დავდიოდი – იქ პატარა ინსტრუმენტულ ანსამბლში ვმღეროდი. რა თქმა უნდა, ცოცხალი შესრულება იყო. სხვათა შორის, მშობლებს სულ ეუბნებოდნენ: ეს ბავშვი ცოდვაა, ნიჭიერია და იქნებ სადმე მიიყვანოთო. აკრობატიკის წრეზეც დავდიოდი. ცირკისთვის გვამზადებდნენ. პირამიდას რომ ვაკეთებდით, მე ქვემოთ ვიდექი და დანარჩენები მეჭირა, დაახლოებით სამი კაცი. ხშირად გვქონდა რეპეტიციები, ფიზიკურადაც კარგად ვიყავი მომზადებული. ერთი წელი ვიარე და მერე დედამ აღარ გამიშვა – „კუპალნიკებს“ ჩაგაცმევენო. 

– დედა უფრო მკაცრი იყო თქვენ მიმართ თუ მამა?

– ძალიან საყვარელი მამა მყავდა, გარდაიცვალა. ძალიან მიყვარდა, ჩემი მეგობარი იყო. დედა, მგონი, ჩემსავით ცოტა გაუგებარი ადამიანი იყო. თითქოს სულ ჩემს ფიქრებში ვარ, რადგან,  ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი გამოვიარე, ეს კი ადამიანს სახეზეც ეტყობა და, განსაკუთრებით – თვალებში. კიდევ სამი წელი დავდიოდი ხელბურთზე, სხვადასხვა შეჯიბრებაზე, დავდიოდით სხვადასხვა ქალაქში. ხატვაზეც ვიარე ცოტა ხანი, მაგრამ, მერე გამოვედი, რადგან, არ ჰქონდათ ჩემს მშობლებს იმის საშუალება, რომ ყოველთვე გადაეხადათ ფული. პატარები ვიყავით, როცა ჩემს დას მაგნიტოფონი უყიდეს. მე მავიწყდებოდა ხოლმე, სად მიმალავდა და ვერ ვპოულობდი. ალბათ, ახლა მეც ამიტომ ვიმალები ხოლმე რაღაცნაირად. სახლიდან რომ გადიოდა ვეძებდი, ოღონდ, მერე ზუსტად ისე უნდა დამედო, როგორც მან დატოვა, რომ არაფერს მიხვედრილიყო. 

– და, თან მღეროდით?

– ავყვებოდი ხოლმე, ხმებს ვაწყობდი: პირველი, მეორე, მესამე. გუნდში რომ დავდიოდი, იქ გვასწავლიდნენ: პირველ, მეორე და მესამე ხმებს. ერთხელ, კონცერტი მქონდა ლილოში. გზაში მუდმივად რამდენიმე ტრანსპორტს ვიცვლიდი. მახსოვს, ავად გავხდი, მაღალი სიცხე მქონდა, გარეთ კი ქარიშხალი იყო და წვიმდა. წინა დღეს გაგვაფრთხილეს: ხვალ გენერალური რეპეტიცია გექნებათო. ავდექი, უნდა წავსულიყავი, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დედამ მითხრა, არ გიშვებო. მე კატეგორიულად განვუცხადე: შენ თუ არ გამიშვებ, ფანჯრიდან გადავალ-მეთქი. ზოგადად, რასაც მოვინდომებ, ვცდილობ, იმ მიზანს მივაღწიო. წავედი სიცხიანი, მივედი და, აღმოჩნდა, რომ აღარ იყო რეპეტიცია. მერე კონცერტმაც კარგად ჩაიარა. ჩემი დაწერილი სიმღერა ვიმღერე, პატრიოტული სიმღერა იყო. იმ დროს 15 წლის ვიყავი. 

– შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი მუსიკალური კარიერა?

– რაღაც პერიოდი გაჩუმებული ვიყავი, რადგან, ცხოვრებამ თავისი ნაბიჯები მიკარნახა. ძალიან ბევრი განსაცდელი შემხვდა, ბევრი რამ გამოვცადე, ბევრს ვშრომობდი, ვმუშაობდი. ჩემთვის ყველაზე რთული იყო სევდა, ყოველთვის გულდაწყვეტილი ვიყავი. მგონი, დედის სიყვარული მაკლდა. ახლა, როცა დედა ვარ, ამას უფრო მეტად ვხვდები. ვიცი, ვუყვარდი დედას, მაგრამ, სულ მინდოდა, მისი სიყვარული მეგრძნო, მისი კოცნა მაკლდა. 

– როგორც ვიცი, არც ისე დიდი ხანია, რაც მეუღლე გარდაგეცვალათ.

– დღეს არ მყავს მეუღლე, დაიღუპა. ამ თემაზე საუბარი ძალიან მიჭირს. მე ვარ ჩემი შვილისთვის დედაც, მამაც და ყველაფერი. 

– ერთი შვილი გყავთ?

– ერთი გოგონა პირველი მეუღლისგან მყავს, ეს კი – მეორისგან. პირველი შვილი გათხოვილია, თუმცა, არ მინდა ამ თემაზე საუბარი. პირად ცხოვრებაში არ გამიმართლა. ზოგადად, მგონია, რომ პირადი ცხოვრება ისეთი რამ არის, რომელიც რთულად გამოდის. მაგრამ დღეს მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და, როგორც არ უნდა მიჭირდეს, იქით ვცდილობ, სხვას დავეხმარო. ცხოვრების განმავლობაში იმდენი რამ იყო, რამაც, არ ვიცი, ჭკუა დამაკლო თუ, პირიქით – მასწავლა. 

– ახლა რა არის თქვენი საქმიანობა?

– ეს „ბანტები“, რომელიც ფერად-ფერადი ლენტებისგან მზადდება. ვაკეთებ და მერე ბაზარში ვაბარებ. ხშირად დამაქვს თერმოსით წყალი, ხან საჭმელი; მასაჟებსაც ვაკეთებ და ძირითადად ამით ვარჩენ ოჯახს. ყველაფერს ვაკეთებ ჩემი შვილისთვის, თუმცა, არა მგონია, რომ კარგი დედა ვარ. ჩემი გოგო უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს, ვიდრე მე შემიძლია, მივაქციო – ხან მეზობელთან ვტოვებ, ხან – სად. 

– რატომ მიხვედით „ნიჭიერში“?

– მაინტერესებდა, შევძლებდი თუ არა სიმღერას. მინდა, ჩემი პატარა გოგონასთვის მაგალითი ვიყო. როდესაც ხალხი ტაშს უკრავდა და ემოციებს გამოხატავდა, მე ვიგრძენი, როგორ ამისრულდა ოცნება. 

ჟურნალი "თბილისელები" ნათია უტიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები