1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პრემიერ–მინისტრი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გათავისუფლდა.
განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პრემიერის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები არაერთხელ გამხდარა მთავრობის მსჯელობის საგანი, რაზეც ირაკლი ალასანიას ეძლეოდა შესაბამისი შენიშვნები.
"ამის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გამოვლენილი იქნა მთელი რიგი დარღვევები, რასაც მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. 
ბოლო დღეებში თავდაცვის მინისტრის მხრიდან ფიქსირდება აშკარა დაპირისპირება საგამოძებო ორგანოებთან და სახეზეა საკითხის პოლიტიზების მცდელობა. ნაცვლად იმისა, რომ თავდაცვის მინისტრი ხელს უწყობდეს გამოძიების პროცესს, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება, მისი მოქმედებები იწვევს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პოლიტიზებას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოების მდგომარეობაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე",-განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მთავრობას უკომპრომისო პოზიცია ექნება მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, რომელ უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს იგი. 
"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ მოხდეს შეიარაღებული ძალების პოლიტიზების თავიდან აცილება, უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, მივიღე გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე",-აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილი უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს ირაკლი ალასანიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის მიმდინარე გამოძიება საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე შეტევას წარმოადგენს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, ქართველი ხალხის არჩევანია და ეს შეუქცევადი პროცესი არასოდეს იქნება დამოკიდებული ერთი რომელიმე მინისტრის მოსაზრებაზე.
"ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ ნიშნავს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროში მოხდეს სავარაუდოდ 4 მილიონი ლარის გაფლანგვა. ეს თანხა პირდაპირ ჩვენს ჯარისკაცებს აკლდებოდათ. მინისტრი, რომელიც ორი წლის განმავლობაში ვერ ახერხებს ჯარისკაცების კვების მოწესრიგებას, რა თქმა უნდა, ეფექტურ მინისტრად ვერ ჩაითვლება და მხოლოდ ამის გამო აუცილებლად გავათავისუფლებდი დაკავებული თანამდებობიდან. ასევე, მინისტრი, რომელიც სავარაუდოდ, საკუთარ მეგობრებს აძლევს შესყიდვებს და ტენდერებს, რა თქმა უნდა, ვერ დარჩებოდა დაკავებულ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე",-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებთან" შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებულ კითხვებზე ირაკლი ალასანიასგან არგუმენტირებული პასუხები ვერ მოისმინა.
მთავრობის მეთაური მზადყოფნას გამოთქვამს, ხვალ გაიმართოს კოალიცია "ქართული იცნების" პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელსაც კოალიციის წევრის სტატუსით დაესწრებიან ირაკლი ალასანია და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები". 
პრემიერის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე დაიკავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები