1 3 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აინშტაინის სასიკვდილო ფორმულა

1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, ალბერტ აინშტაინმა წერილი გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს: „სერ, ახლო მომავალში ელემენტი ურანი შეიძლება გარდაიქმნას ენერგიის ახალ და მნიშვნელოვან წყაროდ. სიტუაციის რიგი ასპექტები მოითხოვს სიფრთხილეს და თუ საჭიროა, დაუყოვნებელ მოქმედებასაც კი ადმინისტრაციის მხრიდან. შესაძლებელი ხდება უკიდურესად ძლიერი ბომბების დამზადება.”

წერილი ეხებოდა აინშტაინის ცნობილი ფორმულის E=MC² გამოყენებას და მეცნიერის შიშს, რომ ნაცისტები მისი მეშვეობით ატომურ ბომბს შექმნიდნენ. მისმა წერილმა საფუძველი ჩაუყარა მოვლენების ჯაჭვს, რომლის შედეგიც ჰიროსიმასა და ნაგასაკის განადგურება იყო. მოგვიანებით ალბერტ აინშტაინმა ამ წერილის დაწერას თავისი ცხოვრების უდიდესი შეცდომა უწოდა. E=MC² ფორმულამ სამუდამოდ შეცვალა ისტორია და თავად აინშტაინიც.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი ზაფხულს ნიუ-იორკის შტატის კუნძულ ლონგ-აილენდზე ატარებდა. ის იყო პაციფისტი, რომელიც ნაცისტურ გერმანიას გამოექცა და იმედი ჰქონდა, რომ ევროპაში არსებული ძალადობისგან თავდაღწეული მუშაობას მშვიდად გააგრძელებდა. თუმცა მყუდროება დაურღვია ერთმა ადამიანმა, რომელიც მის მსგავსად გამოექცა ნაცისტებს – ბრწყინვალე ფიზიკოსი და აინშტაინის ძველი მეგობარი ლეო სილარდი.

ლეოს მოსვლის მიზანი იყო ძველი მეგობრის დარწმუნება იმაში, რომ მსოფლიოს საფრთხე ემუქრებოდა ახალი იარაღისგან და რაღაც უნდა მოემოქმედათ. საჭირო იყო წერილის გაგზავნა რუზველტისადმი და შეტყობინება, რომ გერმანელებს შეიძლებოდა ატომური ბომბი აეგოთ. და თუკი ამას იზამდნენ გერმანელები, მათ მომზადებული უნდა დახვედროდნენ ამერიკელები და მსგავსი იარაღი მათაც ჰქონოდათ. ამ შეხვედრამ მეცნიერი ააფორიაქა, რადგან ნაცისტების პროექტი, რომლის განხორციელებისაც სილარდს ეშინოდა, იმის გამოყენება იყო, რაც თავად აინშტაინმა აღმოაჩინა – E=MC².

E=MC² აინშტაინის გენიის სიმბოლოა. ეს ტოლობა მოიცავს ერთ-ერთ უდიდეს ჭეშმარიტებას სამყაროს შესახებ. ის აერთიანებას ორ იდეას, რომელთა დაკავშირებაზე მანამდე ვერავინ იოცნებებდა – მასას და ენერგიას. მათზე ფიქრის დროს ეს ორი რამ თითქოს სულაც არაა ერთი და იგივე – ენერგია ისაა, რაც მოძრავ ობიექტებს გააჩნიათ, მასას კი ყველა ობიექტი ფლობს. ასე რომ მათი გაერთიანება საკმაოდ გაბედული იდეაა, განსაკუთრებით ისეთი ლამაზი ფორმით, როგორც ეს აინშტაინმა შეძლო. მან დაადგინა, რომ მასა და ენერგია ერთი მონეტის ორი მხარეა, მასა – ეს არის ენერგია, რომელიც გამოთავისუფლებას ელის. სხვა სიტყვებით, მასა შეიძლება გარდაიქმნას ენერგიად და პირიქით. თუმცა აინშტაინის ფორმულა უფრო შორს წავიდა და იქცა მეთოდად, გამოგვეთვალა მოცემული მასის მქონე ობიექტის ენერგია: ენერგია = მასა X (სინათლის სიჩქარე)². ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე მასიდან მიიღება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ენერგია.

ამ ზუსტი ფორმულის ქვეტექსტები საოცარი იყო. გამოდის, რომ ერთ ჭიქა წყალში საკმარისი ენერგიაა ლონდონის ერთი კვირით გასანათებლად. ჩვენ გარშემო ნებისმიერი ობიექტი უზარმაზარი ენერგიის საცავია. აინშტაინმა ფორმულა 1905 წელს გამოაქვეყნა და მსოფლიო სამუდამოდ შეცვალა. მისი დახმარებით მალე ამოიხსნა ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო: რა არის მზის ძალის წყარო? ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა კაცობრიობას, რადგან თუკი ის გიგანტური კოცონივით იწვოდა, მაშინ მილიონობით წლების წინ უნდა ჩამქრალიყო. აინშტაინის ფორმულით კი გაირკვა, რომ მზის გულში მასა მუდმივად გარდაიქმნებოდა ენერგიად და ეს პროცესი შეიძლებოდა მილიარდობით წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო. პატარა ნაწილაკები მუდმივად ეჯახებიან ერთმანეთს და ამ რეაქციებში გამოთავისუფლებული მასა ენერგიად იქცეოდა.

მალე ადამიანები დაფიქრდნენ: თუკი E=MC² მზეს ამხელა შესაძლებლობას ანიჭებს, შესაძლებელია მისი გამოყენება დედამიწაზე ენერგიის მისაღებად? შესაძლებელია ატომში არსებული ენერგიის გამოთავისუფლება და ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება? 1935 წელს სამეცნიერო კონფერენციაზე აინშტაინს დაუსვეს კითხვა, მოხდებოდა თუ არა ოდესმე მისი აზრით ატომის დაშლით ენერგიის მიღება. მისი პასუხი მეცნიერების ისტორიაში შევიდა: „მატერიის ენერგიად გარდაქმნის ალბათობა მსგავსია სიბნელეში ჩიტებზე ნადირობისა იმ ქვეყანაში, რომელიც ფრინველების სიმცირით გამოირჩევა.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აინშტაინი ატომური ენერგიის მიღებას არაპრაქტიკულად თვლიდა, რადგან ერთი მოლეკულის დაშლასაც კი ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა დასჭირდებოდა. საჭირო იყო უფრო მოსახერხებელი გზის პოვნა, მაგრამ შედეგი ყოველთვის ერთი ჰქონდათ: ატომის დაშლისას გამოყენებული ენერგია აღემატებოდა მიღებულს.

1933 წელს ჰიტლერმა ძალაუფლება ხელთ იგდო. გერმანია ფიზიკის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი გახდა. მეცნიერთა ნაწილი სიამოვნებით მუშაობდა ნაცისტების სასარგებლოდ და ნაცისტური სიკვდილის მანქანა იმის განხორციელებას ცდილობდა, რაც აინშტაინს შეუძლებლად მიაჩნდა – ატომიდან ენერგიის გამოშვება და ბომბის შექმნა. აინშტაინისგან განსხვავებით, სილარდი ამას სავსებით შესაძლებლად თვლიდა და სწორედ ამიტომ ესტუმრა მას ლონგ-აილენდზე. აინშტაინი ფიქრობდა, რომ შიშები გადამეტებული იყო, რადგან ატომური ბომბის აფეთქებას სჭირდებოდა მილიონობით ატომის ერთდროული მოქმედება. თუმცა სილარდი არ ეთანხმებოდა, რადგან იცოდა რაღაც, რასაც აინშტაინი ვერ ხვდებოდა. მას ატომური ბომბის შექმნის მეთოდისთვის მიეგნო.

1920 წელს ახალგაზრდა სილარდი სასწავლებლად ბერლინში იმყოფებოდა, სადაც ნაცისტების აღზევებას შეესწრო. ის დაფიქრდა, თუ რა შედეგს მოუტანდა ეს მეცნიერებას და ზოგადად მსოფლიოს. ნაცისტურ ტერორს საკუთარი თვალებით უყურებდა და კოლეგებს საფრთხეზე აუწყებდა, ჰიტლერის სათავეში მოსვლიდან მალევე კი გერმანია დატოვა. თუმცა გერმანიაში მრავალი ძლიერი მეცნიერი დარჩა და სილარდი შიშობდა, რომ მხოლოდ დროის ამბავი იყო, სანამ ვინმე აღმოაჩენდა აინშტაინის ფორმულის საიდუმლოს. ფაქტიურად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო. მეცნიერებს ნაპოვნი ჰქონდათ სუბსტანცია, რომელიც მასას ენერგიად გარდაქმნიდა.

რადიოაქტიურობა E=MC² ფორმულაა მოქმედებაში. ისეთი არასტაბილური ელემენტები, როგორიცაა ურანი და რადიუმი, მუდმივად იშლებიან და გარდაიქმნებიან უფრო მცირე მასის მქონე ელემენტებად, რათა სიმტკიცე შეინარჩუნონ. რაც ამ პროცესის დროს ხდება, ისაა, რომ ატომიდან მუდმივად გამოთავისუფლდება მასის მცირე ნაწილი ენერგიის ფორმით, შემდეგ კი რადიაციის სახით ვრცელდება. თუმცა ენერგიის გამოსაშვებად საჭირო სუბსტანციის პოვნა პასუხის მხოლოდ ნახევარი იყო.

თავიდან ბუნებრივი რადიოაქტიურობა სასარგებლოდ ითვლებოდა, მაგრამ რაც უფრო მეტად იკვლევდნენ, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ სითბოს გამოყოფის ეს მეთოდი არც ისე კარგი იყო – იღებდნენ მხოლოდ მცირე რაოდენობის ენერგიას. ამიტომ მეცნიერებმა გაუმჯობესების გზებზე დაიწყეს ფიქრი. გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში აგებდნენ ატომის გამხლეჩ მექანიზმებს, რომელიც ატომბირთვს დაშლიდა. ბევრი იმედოვნებდა, რომ ეს გამოათავისუფლებდა ატომში დამალული ენერგიის პოტენციალს. იმედები დიდი იყო, მაგრამ მუდმივად აინშტაინის პარადოქსს აწყდებოდნენ – საწყისი ენერგია მიღებულზე მეტი იყო. ისე ჩანდა, რომ აინშტაინის ფორმულას მხოლოდ თეორიული დანიშნულება ჰქონდა და არ გამოდგებოდა დიდი რაოდენობით ენერგიის მიღების საკითხში. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჰორიზონტზე ლეო სილარდი.

1933 წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს სილარდი მიხვდა, რომ ყველა მცდარი გზით მიდიოდა. მატერიიდან ენერგიის მისაღებად საჭირო იყო ე.წ. ალფა ნაწილაკები, სილარდმა კი იფიქრა, რომ ეს მეთოდი არასწორი იყო. ალფა ნაწილაკი წარმოადგენს ორი პროტონისა და ორი ნეიტრონის გაერთიანებას, ანუ ის არის ჰელიუმის ბირთვის იდენტური ნაწილაკი და აქვს დადებითი მუხტი. თეორიის მიხედვით, ამ ნაწილაკების ბირთვთან შეჯახება ამ უკანასკნელს დაშლიდა და მასის ნაწილს ენერგიად აქცევდა. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და საქმეს ისიც არ შველოდა, რომ ალფა ნაწილაკებს თანდათან უფრო და უფრო მეტად აჩქარებდნენ.

სილარდი მიხვდა, რომ პრობლემა ალფა ნაწილაკების დადებით მუხტში იმალებოდა. სამიზნე ატომბირთვის მუხტი ასევე დადებითია, ამიტომ იგივე ხდებოდა, რაც ერთნაირი მუხტის მაგნიტების მიახლოებისას – ატომბირთვი და ალფა ნაწილაკი ერთმანეთს განიზიდავდნენ. მუხტების იდენტურობა ალფა ნაწილაკს საშუალებას არ აძლევდა, ბირთვი დაეშალა. ის უბრალოდ გვერდით ჩაუვლიდა მას. სილარდი მიხვდა, რომ საჭირო იყო სულ სხვა რამ – ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ნეიტრონი.

ნეიტრონი სუბატომური ნაწილაკია და ალფა ნაწილაკის მასის მეოთხედი აქვს, მუხტი კი არ გააჩნია (ნეიტრალურია). სილარდი მიხვდა, რომ თუკი ატომბირთვზე ნეიტრონებით მოხდებოდა იერიში, განზიდვის ნაცვლად შეიძლება ბირთვის ნაწილად ქცეულიყო, რაც ატომს ძალიან არასტაბილურს გახდიდა. ამის შემდეგ ის დაიშლებოდა და აინშტაინის ფორმულის მიხედვით, გამოყოფდა დიდი რაოდენობით ენერგიას. ფაქტიურად ნეიტრონის ბირთვთან შეჯახება მთვარის დედამიწასთან შეჯახების ანალოგია იქნებოდა მიკროსკოპულ მასშტაბში.

ნეიტრონის გამოყენების უპირატესობა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. მალე სილარდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა, რაც გადამწყვეტი ფაქტორი გახდა ატომური ბომბის შექმნაში. მან გამოთვალა, რომ თუკი ატომს დააჯახებ ნეიტრონს, დაშლისას ის არამარტო ენერგიას, არამედ დამატებით 2-3 ნეიტრონსაც გამოათავისუფლებს. ეს ნეიტრონები კი თავის მხრივ სხვა ატომებს დაშლიან და ყოველ ასეთ შემთხვევაზე მასის მცირე ნაწილი გარდაიქმნება უზარმაზარ ენერგიად, რომელიც ჯაჭვური რეაქციით მუდმივად იზრდება. სილარდის იდეა იმით იყო გასაოცარი, რომ ატომური ენერგიის მისაღებად დიდი ძალისხმევა აღარ იქნებოდა საჭირო. საკმარისი იყო ერთი პატარა ნეიტრონი და შედეგად მიიღებოდა შეუჩერებელი ჯაჭვური რეაქცია.

ამ აღმოჩენამ სილარდს შიში მოგვარა: თუკი ამას თვითონ მიხვდა, შეიძლება იგივე დასკვნამდე მისულიყვნენ გერმანიაში მყოფი მისი კოლეგები. 1938 წელს, ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, გერმანელი კოლეგებისგან შემაშფოთებელი შეტყობინება მოუვიდა: გერმანელმა ქიმიკოსებმა ოტო ჰანმა და ფრიც შტრასმანმა აღმოაჩინეს, რომ ურანის ატომი ნეიტრონით დაბომბვისას ორ ნაწილად იყოფოდა. ეს მათი მხრიდან პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო ატომის გახლეჩაში და მალე სილარდის თეორიულ ჯაჭვურ რეაქციასაც რეალობად აქცევდნენ. მომდევნო თვეებში ნაცისტებმა ურანის მომარაგება დაიწყეს, მოგვიანებით კი სამხედრო ბომბის პროგრამა შექმნეს. ნაცისტური რესურსები ატომის გახლეჩას ხმარდებოდა, ბირთვული ფიზიკა ომში ერთვებოდა. სილარდი თვლიდა, რომ როგორც მეცნიერი, ნეიტრალური ვერ იქნებოდა.

1939 წლის ივლისში კოლუმბიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში სილარდმა თავის კოლეგასთან ენრიკო ფერმისთან ერთად ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მისი თეორიის მეორე ნაწილი – ჯაჭვური რეაქცია – რეალობაში სავსებით შესაძლებელი იყო. E=MC² უკვე ბომბის დამზადების ფორმულადაც იქცა. სილარდი მიხვდა, რომ კაცობრიობის ბედი მეცნიერთა ხელში იყო. ამიტომ გადაწყვიტა, იმ დროის ყველაზე ცნობილი მეცნიერის სახელი და გავლენა გამოეყენებინა და მსოფლიოსთვის ეცნობებინა ნაცისტების ახალი იარაღის შესახებ. სწორედ ამიტომ ეწვია ძველ მეგობარს 1939 წლის მაისში. როგორც აღმოჩნდა, აინშტაინს ნეიტრონების ვარიანტი აზრად არ მოსვლია, ამიტომ ეს საშიშროება ვერ გათვალა. მცირეოდენი ფიქრის შემდეგ პაციფისტმა მეცნიერმა აშშ-ის პრეზიდენტისთვის წერილის მიწერა გადაწყვიტა.

აინშტაინმა ქვეყნის პირველ პირს მოუწოდა, შეექმნა უძლიერესი იარაღი ისტორიაში, რომელიც ურანის ჯაჭვური რეაქციით ამუშავდებოდა. 8 კვირის შემდეგ აინშტაინის წერილი თეთრ სახლში მოხვდა. რუზველტი სამხედრო განყოფილებას დაუკავშირდა და მოქმედება უბრძანა. საკითხი უკვე ასე დადგა – ვინ მოასწრებდა და პირველი შექმნიდა ატომურ ბომბს? ამერიკელები თუ ნაცისტები?

ნიუ-მექსიკოს უდაბნოში აშშ-ის მთავრობამ შექმნა ტოპ საიდუმლო პროგრამა კოდური სახელით „მანჰეტენი”. აინშტაინის წერილმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერებისა და სამხედრო სფეროს ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც კაცობრიობას ოდესმე ენახა. მთავრობამ დაახლოებით 2.2 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც თანამედროვე კურსით 50 მილიარდამდეა. დაახლოებით ამდენი დაჯდა მოგვიანებით ადამიანის მთვარეზე გაგზავნა. მოკავშირე ძალები ამ ნაბიჯს აუცილებლობად თვლიდნენ. პროექტმა „მანჰეტენმა” შეკრიბა ბრწყინვალე ფიზიკოსები, ზოგი მათგანი არამარტო თავის დროში, ისტორიაშიც უნიკალური იყო. ბევრი წარმოშობით ევროპელი იყო და ნაცისტურ რეჟიმს გამოექცნენ სილარდის მსგავსად, აინშტაინი კი მონაწილეობას არ იღებდა.

1945 წლის მაისში, როდესაც ბომბის დამზადების ბოლო ეტაპზე იყვნენ, სიტუაცია შეიცვალა – ნაცისტები დანებდნენ. ევროპაში ომი დასრულდა. აინშტაინი და „მანჰეტენის” რამდენიმე მეცნიერი თვლიდნენ, რომ აშშ-ს უკვე აღარ ჰქონდა ბომბის გამოყენების მიზეზი. მათი მიზანი მხოლოდ გერმანიის შეჩერება იყო, მაგრამ ამ საფრთხის გაქრობის მიუხედავად ლოს-ალამოსში მუშაობა გრძელდებოდა. 12 აპრილს ინსულტით გარდაცვლილი რუზველტის მაგიერ ქვეყანას სათავეში ედგა ჰარი ტრუმენი, რომელიც პროექტის შეჩერებას სულაც არ ფიქრობდა.

1945 წლის ივლისში, ნაცისტების დამარცხებიდან ორი თვის შემდეგ, ატომური ბომბი მზად იყო. იაპონიის წინააღმდეგ სისხლიანი ომი ისევ მძვინვარებდა. გენერლებსა და პოლიტიკოსებს სჯეროდათ, რომ ბომბი ბრძოლას დაასრულებდა და მოკავშირეთა ძალებში მყოფ ათასობით სიცოცხლეს იხსნიდა. სილარდი შეძრწუნებული იყო იმის წარმოდგენით, რომ ასეთ ძლიერ იარაღს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენებდნენ. მან კოლეგების დახმარებით შეადგინა პეტიცია და პრეზიდენტს მიმართა, გამოეყენებინა წინასწარი გაფრთხილება. თუმცა უკვე ყველა ცდა ამაო იყო. მთავრობამ უზარმაზარი თანხა დახარჯა და მზად ჰქონდათ სასიკვდილო იარაღი, რომელიც ომს ძალიან სწრაფად დაასრულებდა.

სამიზნე მალე შეარჩიეს – იაპონიის ქალაქი ჰიროსიმა. 1945 წლის 6 აგვისტოს პირველად გამოიყენეს ატომური ბომბი. ის 43 წამის განმავლობაში ეშვებოდა, შემდეგ კი ერთმა ნეიტრონმა სილარდის ჯაჭვური რეაქცია დაიწყო. ურანის პირველი ატომის დაყოფიდან გამოთავისუფლებული ენერგია მხოლოდ ქვიშის მარცვალს თუ აამოძრავებდა, მაგრამ მომდევნო ქიმიური რეაქციები გაცილებით მასშტაბური იყო. ჯაჭვის ბოლო რგოლის დასრულების შემდეგ ურანის 2 სეპტილიონი (რიცხვი 24 ნულით) ატომი იყო დაშლილი. დაახლოებით 0.6 გრამი მასა გარდაიქმნა 12.5 კილოტონა ენერგიად და ეს ყველაფერი წამის მეათიათასედში განხორციელდა. 0.6 გრამი მასა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქალაქი მიწასთან გაესწორებინა.


ჰიროსიმაში ჩამოგდებულმა ბომბმა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით პატარა იყო, 70 000 ადამიანი თითქმის მაშინვე დახოცა. ცეცხლმა და რადიაციით გამოწვეულმა ავადმყოფობამ დამატებით 70 000 სიცოცხლე იმსხვერპლა. ქალაქში არსებული ნაგებობების 80-90% განადგურდა. ჰიროსიმა უბრალოდ აოხრდა. ანალოგიური პროცესები განმეორდა 9 აგვისტოს ქალაქ ნაგასაკიშიც – 80 000-მდე მსხვერპლი, აქედან ნახევარი ბომბის ჩამოგდების დღეს დაიხოცა.

აინშტაინს ახალი ამბების მოსმენისას თავზარი დაეცა. შეძრწუნებული იყო, რომ მსოფლიომ მისი ფორმულის ძალა ამ ფორმით იხილა. მეცნიერი თავს დამნაშავედ გრძნობდა იმაში, რომ ატომური ბომბის შექმნაში წვლილი მასაც ჰქონდა – რომ არა 1939 წელს გაგზავნილი მისი წერილი, 6 წლის შემდეგ იაპონიაში ბომბს არ ჩამოაგდებდნენ. მომდევნო წლებში ის მიხვდა, რომ წერილის დაწერა უდიდესი შეცდომა იყო. თუმცა აღნიშნავდა, რომ მის ქმედებას ნაწილობრივ გამართლება ჰქონდა: გერმანელებს რომ დაესწროთ ამერიკელებისთვის, ისინი გამოიყენებდნენ ატომურ ბომბს, რათა აღმატებულ რასად ქცეულიყვნენ.

აინშტაინის შეშფოთება გაზარდა „ბირთვულმა რბოლამ” – აშშ-ს და მის მოკავშირეებსა და საბჭოთა კავშირს შორის ატომური იარაღის დემონსტრირებაში გამართულმა შეჯიბრმა, რომელიც ცივი ომის პერიოდში მიმდინარეობდა. აინშტაინი მიხვდა, რომ ეს იარაღი უკვე მთელ მსოფლიოს უქადდა საფრთხეს. ერთხელ მან აღნიშნა, რომ ტყვია ადამიანს კლავს, ბირთვული იარაღი კი მთელ ქალაქს ანადგურებს. ეს ყველაფერი, ცხადია, ეჭვქვეშ აყენებდა ცივილიზაციის მომავალს. სიცოცხლის ბოლო წლებში აინშტაინმა კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი სახელი, ამჯერად იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის ეუწყებინა განადგურების საფრთხის შესახებ. მან ბირთვული იარაღის განვითარებისა და გავრცელების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. კამპანის ერთ-ერთი ბოლო ქმედება კი სახალხო დეკლარაცია იყო, რომელიც მსოფლიოს ლიდერებს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა:

„პრობლემა, რომელზეც გესაუბრებით, რეალური, შემზარავი და გარდაუვალია. რას ვირჩევთ – ვანადგურებთ ადამიანთა მოდგმას თუ უარს ვამბობთ ომზე?”

E=MC² ფორმულას სხვა, გასაოცარი და აღმაფრთოვანებელი გამოყენებაც ჰქონდა და ის მხოლოდ აინშტაინის სიკვდილის შემდეგ გაირკვა. მეცნიერები მიხვდნენ, რომ ეს ფორმულა მხოლოდ განადგურების კი არა, სამყაროს წარმოშობის ტოლობაც იყო. გარდა იმისა, რომ მცირე მასა ზოგჯერ წარმოუდგენლად დიდი მოცულობის ენერგიად გარდაიქმნება, შეიძლება უკუპროცესსაც ჰქონდეს ადგილი. სწორედ ეს ხდებოდა სამყაროს ძალიან ადრეულ ეტაპზე, დიდი აფეთქების შემდგომ, დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ. სინგულარობაში მყოფი ენერგია გარდაიქმნა მატერიად და ასე გრძელდებოდა მილიონობით წლების განმავლობაში. ნელ-ნელა ენერგია იქცა მასად და ასე შეიქმნა ის ყველაფერი, რასაც სამყაროში ვხედავთ.

სამყაროს ადრეული ეტაპი შეგვიძლია E=MC² ფორმულის ერთ დიდ რეალიზაციად ჩავთვალოთ. სამყარო არსებობას იწყებს ენერგიის ბურთის სახით და თანდათანობით იძენს მასას. ყველაფერი ჩვენს გალაქტიკაში, ჩვენს პლანეტაზე და ჩვენც კი, ვარსებობთ იმიტომ, რომ აინშტაინის ფორმულა მუდმივ მოქმედებაში იყო. სამწუხაროდ აინშტაინი ვერ მოესწრო იმ დროს, როცა მისი აღმოჩენა, გარდა სიკვდილისა, სიცოცხლის ფორმულადაც იქცა.

100 წლის წინ, როცა აინშტაინმა ფორმულა გამოაქვეყნა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა შედეგები ექნებოდა ამას. საბოლოოდ მან არამარტო მეცნიერება შეცვალა, არამედ ჩვენი წარმოდგენაც სამყაროზე – როგორც დადებითად, ისე უარყოფითად.

„პოლიტიკა დროებითია, ფორმულები კი სამუდამო.”
ალბერტ აინშტაინი

charliuss.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები