1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მოდი, დავქორწინდეთ" - მსგავსი საქორწინო ფიცი აქამდე არ არსებობდა

მოდი, დავქორწინდეთ. 

მე, არც ისე მხევალი ღვთისა, ვდგავარ შენ წინ 
და პირობას ვდებ, რომ არ ვიქნები შენთან ერთად 
არც ჭირში და არც ლხინში 
და დაგშორდები ძალიან ბევრჯერ, 
სანამ სიკვდილი დაგვაშორებდეს.

მე, არც ისე ლამაზი და არც ისე თეთრკაბიანი, 
ვდგავარ შენ წინ 
და პირობას ვდებ, რომ არ ვიქნები შენი ერთგული, 
და მრავალი მესამის ჩრდილი 
რიგრიგობით დატოვებს ჩუსტებს 
ჩვენი საწოლის ორივე მხარეს. 
და ყველა ჩვენი ღამე, პირველის ჩათვლით, 
იქნება უკანასკნელი.

მე, არც ისე მდედრობითი და არც ისე დედობრივი, 
პირობას ვდებ, რომ არ გაგიჩენ შვილებს, 
არ დავარქმევ შენი მშობლების სახელებს,
არ გადავუხდი დაბადების დღეებს, 
არ გავზრდი საამაყოებს და სასიქადულოებს 
და არ გავგზავნი სადმე უცხო ქვეყანაში სასწავლებლად 
და არ გავგზავნი არცერთ ომში და არცერთ სიკვდილში
და არდაბრუნებულების ფოტოებს 
არ შევინახავ კარადის ქვედა მარჯვენა უჯრაში 
წინდებსა და საცვლებს შორის, 
და როცა დავბერდებით, 
არ გვეყოლება მე და შენ არავინ, ვინც ერთმანეთს გაგვახსენებს.

თუმცა მე, არც ისე ახალგაზრდა და არც ისე ჯანმრთელი, 
პირობას ვდებ, რომ შენთან ერთად არ დავბერდები, 
არ მივეჩვევი შენი სხეულის სუნს და ნაოჭებს ტუჩების გარშემო, 
არ გავაკეთებ შენს საყვარელ საჭმელებს, 
არ ვუყურებ შენთან ერთად ტელევიზორს, 
არ მივაჩვევ თვალს მაგიდაზე შემოწყობილ შენს ფეხებს 
ქუსლგამოხეული წინდებით, 
არ მოვირგებ შენს სათვალეს, როცა ჩემი სადღაც გაიბნევა, 
და არ ვიცნობ შენი ნაბიჯების ხმას,
არ დაველოდები შენს დაბრუნებას საღამოობით 
და არ ვიტირებ, თუ არ დაბრუნდები, 
და არ ვიზრუნებ შენზე, 
არ მოგივლი ავად ყოფნისას და არც ძალიან ავად ყოფნისას, 
და როცა მოკვდები, 
მე, არც ისე შავკაბიანი, 
არც გაგაცილებ.

ახლა, როცა შენ წინ ვდგავარ მე, არც ისე შესაყვარებელი, 
არც ისე სათნო და მზრუნველი და საიმედო და წესიერი, 
პირობას ვდებ, რომ ვიქნები შენთან ერთ ხორც და არა ერთ სულ, 
რადგან არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა, 
მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის; 
და ვდგავარ შენ წინ და პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ, 
როცა ჩემკენ დაიხრები, 
პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ, როცა მკლავებს მომხვევ
და ყელზე თითებს ჩამომისვამ, 
პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ, როცა შენს ტანსაცმელს 
ჩემი კაბის გვერდით იატაკზე დაყრი, 
და პირობას ვდებ, რომ არ გიყურებ, თუ ჩაგეძინება 
და საერთოდ, არასოდეს გიყურებ, როცა გძინავს, 
არ შეგიყვარებ, როცა გძინავს, 
და საერთოდ, პირობას ვდებ, რომ 
არ შეგიყვარებ, 
არ შეგიყვარებ.
არ შეგიყვარებ.

და ახლა, როცა შენ წინ ვდგავარ, 
და ყველა პირობას ვდებ, რომლის შესრულებაც არ შემიძლია, 
თუ თანახმა ხარ, 
შეგვიძლია ერთმანეთს ვაკოცოთ. 
დანარჩენი – როგორც წესია: 
ღმერთმა დაგვლოცოს, 
თუ რაღაც ასე.


ავტორი: ლია ლიქოკელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები