1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

აი,რატომ ემტერებიან გინეკოლოგები ტანგას

ქალის ინტიმური ჰიგიენის წესები ასეთია: ინტიმური ადგილების დასაბანად არ შეიძლება ჩვეულებრივი კოსმეტიკური საპნის გამოყენება. 
საშოს მჟავატუტოვანი ბალანსის რღვევის ყველაზე უბრალო და გავრცელებული მიზეზი მასში საპნის ტუტე ქაფის მოხვედრაა. 

აბაზანის ჩვეულებრივი ჟელეც ინტიმური ადგილების მჟავატუტოვან ბალანსს ტუტოვანისკენ გადახრის. თუ ეს ერთხელ მოხდა, არაფერია, მაგრამ მუდმივი ტუტოვანი დარტყმა საშოს მიკროფლორას არღვევს. მრავლდება პათოლოგიური ბაქტერიები და ვითარდება სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები. 

ამასთანავე, ტუტოვანი გარემო სპერმატოზოიდების გადაადგილებას აფერხებს. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად ინტიმური ადგილების დასაბანად მხოლოდ სპეციალური საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. 

გახსოვდეთ: ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები არ კურნავს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. თუ გამონადენი, ქავილი ან წვა გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. 

გარეთა სასქესო ორგანოები დღეში ორჯერ მაინც ჩაიბანეთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიბანოთ საშო შხაპით. მენსტრუაციისას გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა სასურველია ტუალეტში ყოველი შესვლისას. თუ ეს შეუძლებელია, გამოიყენეთ სპეციალური სველი ხელსაწმენდები, რომლებიც ანტისეპტიკური ლოსიონით არის გაჟღენთილი. ისინი არ შეიცავს სპირტს, რომელიც ლორწოვან გარსს აღიზიანებს.

 სამაგიეროდ, მრავალი მათგანის შემადგენლობაში შედის დამატენიანებელი მცენარეული ზეთები, დამამშვიდებელი სამკურნალო ბალახები და რძემჟავას მჟავატუტოვანი წონასწორობის აღმდგენი ექსტრაქტები. 

ანალური ხვრელის გარშემო არე ჩვეულებრივი საპნით დაიბანეთ, - ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი ჟელე ამ მიდამოს დეზინფექციისთვის არ კმარა. დაბანისას ხელების მოძრაობა და წყლის ნაკადი წინიდან უკან უნდა იყოს მიმართული (ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ ტუალეტის ქაღალდის მოძრაობის მიმართულებაც ასეთივეა). დაბანის შემდეგ სისველეს ნუკი გაიმშრალებთ, არამედ შეიშრეთ, რათა შემთხვევით გარეთა სასქესო ორგანოების ნაზი ლორწოვანი არ დაიზიანოთ. ინტიმური ადგილების დაბანისას ღრუბელი საჭირო არ არის - მან შესაძლოა ავნოს სასქესო ორგანოების მგრძნობიარე კანს. პირსახოცი სუფთა, რბილი და ინდივიდუალური უნდა იყოს.

 ყოველდღიური საფენები ოთხ საათში ერთხელ მაინც გამოიცვალეთ. რაც უფრო მეტხანს დარჩება საფენი საშოს მიდამოში, მით უფრო მეტია მავნე ბაქტერიების გამრავლების საფრთხე. თუ ალერგიული ბრძანდებით, არომატიზატორებიან საფენებს ნუ შეიძენთ. ატარეთ მოხერხებული ქვედა საცვლები - ეს ინტიმური ჯანმრთელობის საფუძველია. გინეკოლოგები ყველაზე მეტად მოდურ ქვედა საცვლებს - სტრინგსა და ტანგას ემტერებიან. რასაკვირველია, ისინი მიმზიდველი და სექსუალურია, მაგრამ სიარულისას თხელ ზონარს ბაქტერიები ანუსიდან სასქესო ორგანოებისკენ გადააქვს.

 გარდა ამისა, საცვალი კანს მეტისმეტად მჭიდროდ ეხება და მის სისხლმიმოქცევას არღვევს. თეთრეული ბამბის ან სელის უნდა იყოს. ნატურალური ქსოვილი იწოვს სისველეს, კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის. მომზადებულია მკურნალი გეს მიხედვით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები