0 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ შეიქმნა ნარკოტიკები?

კოკა და კოკაინი ტროპიკული მცენარის კოკას ფოთლებს ადამიანი ჯერ კიდევ ხუთი ათასი წლის წინათ იყენებდა. მთებში მცხოვრები ინდიელები მას შიმშილისა და სიცივის შეგრძნებათა დასათრგუნავად ღეჭავდნენ. კოკას რეგულარული გამოყენების გამო 30-35 წლის ასაკში ისინი უკვე ღრმა მოხუცებულებს ჰგავდნენ. ამავე პერიოდში კოკა ინდიელების ტრადიციული სამზარეულოსა და რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილი იყო. მას შემდეგ, რაც კოკა ევროპაში შეიტანეს, მის გავრცელებას წინ აღუდგა ეკლესია. ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ ამის საწინააღმდეგოდ კანონიც კი გამოსცა, მაგრამ კოკა მაინც ელვის სისწრაფით გავრცელდა. კოკას ფოთლებისგან კოკაინის მიღების წესი ჩრდილოეთ კოლუმბიის ბინადარი გუახიროს ტომის ინდიელებმა აღმოაჩინეს, მისი მასობრივი წარმოება კი მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან დაიწყო. კოკას ფოთლებს განსაზღვრულ მინარევებთან ერთად ადუღებდნენ და იღებდნენ სქელ მასას, რომელიც შედგენილობით თანამედროვე კოკაინს ჰგავს, მისი გაწმენდის შედეგად კი იღებდნენ კოკაინის თეთრ ფხვნილს. მოგვიანებით გერმანელმა ქირურგმა კარლ ლუდვიგ შლაიხმა ადგილობრივი გაუტკივარების მეთოდი შეიმუშავა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ცნობილმა ქიმიკოსმა ვიოლერმა კოკას ფოთლებისგან სუფთა სახით მიიღო შესანიშნავი საანესთეზიო საშუალება კოკაინი. ოპიუმი და მორფიუმი კოკაინი ხანგრძლივი ისტორიის მქონე ერთადერთი ნარკოტიკი როდია. არქეოლოგიური გათხრების დროს ქვის ხანის საცხოვრისებში საკვების ნარჩენებს შორის აღმოაჩინეს ყაყაჩოს თესლიც, რომლისგანაც მოგვიანებით ოპიუმის დამზადება დაიწყეს. ოპიუმის წევა საკმაოდ იყო გავცელებული ჩინეთში. საბოლოოდ ამან ისეთი დამღუპველი ხასიათი მიიღო, რომ გენერალმა ცზენ ტანმა ნარკომანებისთვის ტუჩების მოკვეთა ბრძანა, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი… როდესაც დაინახეს, რომ აკრძალვა უშედეგო იყო, ხელისუფლებმა გადაწყვიტეს, ეს მავნე ჩვევა ეკონომიკური სარგებლისთვის გამოეყენებინათ – უცხოეთშიც გაეყიდათ. ამ მიზნით ჩინეთის იმპერატორმა ქალმა ცი სინმა გლეხებს ნება დართო, სიჩუანისა და იუნანის მთიან პროვინციებში ძილის მომგვრელი ყაყაჩო გაეშენებინათ. ჩინეთის მოსახლეობის თითქმის მესამედმა ამ საქმეს მიჰყო ხელი და მე-20 საუკუნის დასაწყისში 22 ათასი ტონა ოპიუმი მიიღეს, თუმცა მოგების ნაცვლად სახელმწიფო უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნედლეულის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებად თავად ჩინელები იქცნენ. ჩინეთიდან ოპიუმმა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ოპიატების სწრაფ გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ სერტიურნერმა ოპიუმისგან კრისტალური სახით გამოყო თეთრი ნივთიერება მორფიუმი – სწორედ ის განაპირობებდა ოპიუმისთვის დამახასიათებელ საძილე და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. მორფიუმმა უამრავი ხალხი იხსნა სიკვდილისა და მტანჯველი ტკივილისგან, თუმცა მილიონობითვე ადამიანი მორფინიზმით – ნარკომანიის ერთ-ერთი მძიმე ფორმით – დააავადა. მარიხუანა და ჰაშიში უძველესი დროიდან იყო ცნობილი ინდური მარიხუანაც. იმ მცენარეთა შესახებ, რომელთა მოწევა, დაღეჭვა ან შესუნთქვა დროებით ქვეცნობიერ აზროვნებას აღვიძებდა და ფანტაზიათა სრული რეალიზების საშუალებას იძლეოდა, პირველ ცნობებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVIII-XIX საუკუნეების ჩინური ხელნაწერები შეიცავს. მათ თვისებებს იცნობდა ისტორიკოსი ჰეროდოტეც. ძველ ეგვიპტეში ამ ბალახებს ერთნაირად ეტანებოდნენ ფარაონი თუ ვაჭარი, ქურუმი თუ ხელოსანი, ქალი თუ კაცი. ყველაზე პოპულარული იყო ჰაშიში – ინდური კანაფის ყვავილებისგან დამზადებული ფხვნილი, რომელიც მოგვიანებით ისე გავრცელდა, რომ ეგვიპტელები თავიანთ დროშებზე კანაფს ეროვნული უბედურების სიმბოლოდ გამოსახავდნენ. ექსტაზი ექსტაზი – “მოცეკვავე სიკვდილი” – რეივ-ნარკოტიკია, რომელსაც დღეს ახალგაზრდების დიდი ნაწილი დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში დროსტარებისას მოიხმარს. იგი გერმანელმა მეცნიერებმა მიიღეს მე-20 საუკუნის დამდეგს ამფეტამინის მოლეკულის ქიმიური აღნაგობის ტრანსფორმაციის გზით. I მსოფლიო ომის დროს ექსტაზის აქტიურად იყენებდნენ გერმანულ არმიაში – მისი მიღების შემდეგ ჯარისკაცები ვეღარ გრძნობდნენ დაღლილობას, შიმშილს, წყურვილსა და სიცივეს. მოგვიანებით პრეპარატით ფსიქიატრები დაინტერესდნენ, მაგრამ მან იმედი არ გაამართლა. დამანგრეველი თვისებების გამო დეპრესიის სამკურნალოდ მის გამოყენებაზე უარი თქვეს ამერიკელმა მკვლევრებმაც. ექსტაზი 70-80%-ით ამცირებს სისხლში სეროტონინის დონეს, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. სწორედ ამ თვისებას უკავშირდება ადამიანთა უეცარი გარდაცვალება დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში. ექსტაზი მიჩვევას იწვევს, ამიტომ კლაბერები მისი ხშირი გამოყენების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ნარკომანებად იქცევიან. წყარო: icode.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები