1 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცესკოს თავმჯდომარემ კენჭისყრის დღე შეაფასა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კენჭისყრის დღე შეაფასა.

„კენჭისყრის პროცესი 20:00 სთ-ზე დასრულდა. დღეს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში.

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის და კენჭისყრის პროცესში კოვიდრეგულაციების დაცვისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

უკვე დაწყებულია საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი - ხმის დათვლის პროცედურები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების დღემ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.

დღის განმავლობაში ინტენსიურად ვხვდებოდი სადამკვირვებლო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვიღებდი ინფორმაციას მათი მიგნებების შესახებ და, რა თქმა უნდა, ვუზიარებდი დეტალებს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციას ჰქონდა მყისიერი რეაგირება თითოეულ შემთხვევაზე. 

მინდა შეგახსენოთ, რომ 3200 საარჩევნო უბანზე სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  300-ზე მეტია, წელს პირველად, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ ასევე უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვიდეოგადაღების ფაილები აიტვირთება „google drive“-ის პლატფორმაზე და უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს კრწანისის საოლქო საარჩევნო უბნებზეც, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იყო შესაძლებელი. ამ უბნებზე შედეგები აპარატის საშუალებით დაითვლება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც. 

ამ მრავალ სიახლეს, რომელიც ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დავნერგეთ, რა თქმა უნდა, ახლდა თავისი გამოწვევებიც. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზები, თუმცა აღნიშნული ხარვეზები არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა.

ჩვენ დღეს უკვე გამოვეხმაურეთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის წინასწარ, ნაწილობრივ შევსების ფაქტს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ამ საკითხზე ექნება შესაბამისი რეაგირება.

მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. 124-ე საუბნო საარჩევნო კომისია კი შემაჯამებელ ოქმს შეადგენს კანონით დადგენილი წესით.

ამასთანავე აღვნიშნავ, რომ ნებისმიერ დადასტურებულ გადაცდომასა თუ ხარვეზზე საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება რეაგირება საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმები.

მადლობას მოგახსენებთ თქვენი აქტიურობისთვის მედიას, რომელიც დღეს აქ ჩვენთან ერთად შრომობდით მიმდინარე აქტივობების გასაშუქებლად“,-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები