2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ევროკავშირი და ევრობანკი „თიბისი ბანკთან“ ერთად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საკრედიტო ხაზს გამოყოფენ

ჩამოტვირთვა

„თიბისი ბანკმა“ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან დღეს ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ სამ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელთა ჯამური მოცულობა 100 მილიონი აშშ დოლარია (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში), - აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს „თიბისი ბანკში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, EBRD-ის დირექტორი კავკასიის რეგიონში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერა, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე დაესწრნენ. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, „თიბისი ბანკისათვის“ გამოყოფილი სამი საკრედიტო ხაზიდან 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამიზნულია საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშესაწყობად; 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი სპეციალურად ქალების მიერ მართული ბიზნესების მომსახურებისთვის; ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი განკუთვნილია მცირე და საშუალო საწარმოების დასაფინანსებლად. ამ დაფინანსების მეშვეობით „თიბისი ბანკი“ გასცემს გრძელვადიან სესხებს ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული ლარის რესურსი გამოყენებული იქნება საქართველოში მსხვილი, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერა 19 მილიონი ევროს (დაახლოებით 50 მილიონი ლარის) მოცულობით მიზნად ისახავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გახსნილი საკრედიტო ხაზის წახალისებას, რათა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული ინვესტიციების განხორციელება უფრო გაიოლდეს საინვესტიციო გრანტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. ეს აგრეთვე გააუმჯობესებს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ ადგილობრივი ბანკებიდან დაფინანსების პირობებს, ხოლო ადგილობრივ ბანკებს შემატებს სურვილსა და შესაძლებლობას ითავონ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაცემულ სესხებთან დაკავშირებული რისკები. როგორც პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ევროკავშირი საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას ხელს უწყობს "ევროკავშირი ბიზნესისთვის" (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში. იგი ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ისარგებლონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესთან დაკავშირებული ცოდნისა და უნარების გაღრმავების, ისევე როგორც მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მეშვეობით. "ევროკავშირი ბიზნესისთვის" და EBRD-ის საკრედიტო ხაზი ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტიციების დაფინანსებაში. ევროკავშირი და EBRD ერთობლივად მუშაობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კერძო სექტორის განვითარებისთვის, განსაკუთრებით "მცირე ბიზნესის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირის წვლილი 18 მილიონი ევროა (48 მილიონი ლარი), ისევე როგორც "ქალები ბიზნესში" პროგრამის ფარგლებში, რომელშიც ევროკავშირის წვლილი 5 მილიონი ევროა (13 მილიონი ლარი). საკრედიტო ხაზი, რომელიც ქალი მეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, დამატებითი მხარდაჭერით სარგებლობს შვედეთისა და ადრეულ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების ფონდის მხრიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები