საზოგადოება
დიდი ქართველი პოეტი, რომელმაც პირდაპირ სცენაზე დალია სული
2014-10-03 18:52:30
ჩამოტვირთვა
ამ ადამიანის აღსრულებით დამთავრდა მე–20 საუკუნის ეპოქა. და თუ მე–19 საუკუნეს აგვირგვინებდა დიადი სამება – ილია, აკაკი, ვაჟა, მე–20 საუკუნეს წერტილი დაუსვა მუხრანმა.
ომის შემდგომ ქართულ პოეზიაში ბევრს არაფერს მიუპყრია იმდენი ყურადღება, რამდენიც მუხრან მაჭავარიანის სახელს. მისმა პოეზიამ ახალი პერსპექტივები დასახა. ის მოგვევლინა მოულოდნელი, მანამდე უცნობი, ერთი შეხედვით უჩვეულო ქართული ლექსით. უბოდიშობამდე მისული გაბედულება, ოცი წლის ჭაბუკისათვის შეუფერებელი აზრის სიმძიმე და რკინისებური ლოგიკა მსჭვალავდა იმთავითვე მის პოეტურ ფორმულებს და ცალკეულ სახელებს. მუხრან მაჭავარიანი ანგრევდა ძველ რიტმულ კონსტრუქციებს, ქმნიდა ახალ ჰარმონიებს, აახლებდა დიდი ხნით მივიწყებულ თავისუფალ ლექსს. პოეზიის მაშინდელ კანონმდებელთათვის გამაღიზიანებელიც კი იყო კლასიკურ ლექსთან მისი მოურიდებელი დამოკიდებულება და ჭეშმარიტი პოეზიის ხარისხში საკვირველი სიმსუბუქით აყვანილი მისი კატეგორიული განცხადებანი.
სისხლმოჭარბებულსა და ომახიან, მუხრან მაჭავარიანს თავდავიწყებით უყვარს მთელი კაცობრიობა
„ოცნება ვრცელდება სინათლის სისწრაფით,
მინდა არსებივით მკლავების გაშლა,
ავრბივარ მთაზე და იქიდან ვიძახი:
– ვაშა, სიცოცხლეო, ვაშა!“
აი რას იხსენებს ნოდარ დუმბაძე :
მუხრანის მოსვლა მახსოვს უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეში. არავინ იცნობდა წესიერად მაშინ. Mმოვიდა მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, გრძელთმიანი და ჭკვიანთვალებიანი ბიჭი. იჯდა უხმოდ, სიტყვა ითხოვა ბოლოს.
გვეგონა ლექსს წაიკითხავდა – არაფერიც, მარატივით მგზნებარე სიტყვა თქვა ბოხი და ზარჩადგმული ხმით.
ის სიტყვა ახლა ზუსტად არ მახსოვს. არც მას ახსოვს ალბათ.
დაახლოებით ასე ილაპარაკა:
- მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან. მის ხმაზე დაიძრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები, და მის სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი… მე მჯერა!
და რა იცოდა მაშინ მუხრანმა, ან მე რა ვიცოდი, რომ ეს კაცი თვითონ იქნებოდა.
მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1949 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის არაბული ენისა და ლიტერატურის განყოფილების სტუდენტად, რომელიც 1954 წელს დაასრულა. მას შემდეგ იგი უაღრესად ნაყოფიერად მოღვაწეობდა, მუშაობდა ჟურნალ “ცისკრის” პოეზიის განყოფილების გამგედ, ჟურნალ “პიონერის” მთავარ რედაქტორად, კინოსტუდია “ქართული ფილმის” რედაქტორად, ჟურნალ “დილის” მთავარ რედაქტორად, ჟურნალ “საუნჯის” მთავარ რედაქტორად, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ და ყველგან ღირსეულად ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას, ყველგან ღრმა კვალს ტოვებდა, როგორც ჭეშმარიტი ერისკაცი და მამულიშვილი.
მუხრან მაჭავარიანის პოეტური ნათლობა 1949 წელს შედგა, ნათლობა ჭეშმარიტად ფეხბედნიერი გამოდგა და საქართველოს მომავალი დიდი პოეტის დაბადება ამცნო.
აზრის სიცხადე და ემოციურობა, ხმის უჩვეულო, მოულოდნელი ჟღერადობა, ზუსტი და მყარი შინაგანი არქიტექტონიკა, რითმათა და ინტონაციათა არაჩვეულებრივი სიმდიდრე, პოეტური პლასტიკა და კომპაქტურობა მუხრან მაჭავარიანის პოეზიის ორგანული თვისებებია, რასაც ფესვები ეროვნულ ნიადაგში ჰქონდა გადგმული .
როცა ბრძოლის ველზე ეცემა კაცი, ამის მაგალითი უამრავია.
მაგრამ რაც 17 მაისს მოხდა, მართლაც შესანატრია. რუსთაველის თეატრში მეგობრის მისალმებისას ამაღლდა მუხრანის სული, დიდი პოეტი პირდაპირ სცენაზე მართლაც რომ რაინდივით აღესრულა. ვინ იცის, რამდენი ინატრებს ასეთ სიკვდილს, მაგრამ ეს მხოლოდ უფლის რჩეულთა ხვედრია…
” – ისე კარგია მაისის ღამე! ქუჩებიც ისე კარგია ახლა! ასე მგონია, ვაბიჯებ ჰაერს, და ნელა-ნელა მივდივარ მაღლა”…
კომენტარები