0 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონსტანტინე გამსახურდია ,, დედავ, მისტიურო ქალო!"


გიყურებ ბნელ თვალებში. მეშინია ჩემი წარსულის. შორით მოდიხარ ვით ავესტას მოხუცი მოგვი. წელში მოხრილი როგორც მშვილდი ჩემი ბავშვობის. გინდა ვიტირო, რომ მე ასე ახალგაზრდა ვარ. ასე ახალგაზრდა დედა ვარ. ასე მოხუცი დედა მყოლია. კითხულობ ჩემს ნაწერებს. გული მტკივა: ჩემი არ გესმის.

შენ ხომ გაიგებ, როცა ავად ვარ. ის კი არ გესმის, თუ რა სტკივა ამ ჩემ უკვდავ სულს. იყურებ.გხედავ და შენს თვალებში მელანდება დაღალულ სისხლის ბნელი წარსული. ვინ შეგეხვეწა ნაციებ მინდვრებში გაზრდილი _ სინათლის მწვერვალისაკენ რომ ამისრულე.
დედავ, მისტიურო ქალო!
შენ არ მაწოვე მე სინათლის სქელი ჯიქანი?
ენა მერევა ამ ეთერის ცივ უფსკრულებში. თვალი მეტკინა. ამის მეტი არ შემიძლია. ვირყევი. ვღელავ. და ვტორტმანობ სინათლისა და ჩრდილის უფსკრულებზე გადაკიდული.
მომეცი ხელი. შენ მიწასთან უფრო ახლო ხარ. მაჭამე მიწა.
ნაციები და ნესტიანი.
დედავ, მისტიურო ქალო!
მე ვასაკა ვარ ხეზე გასული. თავის ჭაობში ვერ დატეული და ბნედიანი. მე შენს თვალებში მელანდება ჩემი წარსული და მეშინია, რომ მოხუცი დედის შვილი ვარ.მე ვასაკა ვარ. მეშინია მაღლა ასულმა ვერ გავიგონო მოხუცებულ მშობლის გულის თქმა. მომეცი ხელი და დამაბრუნე.


დედავ, მისტიურო ქალო.
ვინ შეგეხვეწა, სამეგრელოს ბნელ ჭაობებში დაბადებული თავბრუდამსხმელი სინათლისაკენ რომ ამისრულე.
შენ მემაშხლე – მე მაშხალა ვარ ცივი ეთერის უფსკრულებში ზეატყორცნილი. მივჰქრი სულ ზევით, როგორც გიჟი ავიატორი. ჩემს აღმასრბოლას ვერ ეწევა ორბი ფრთამალი. ძირს დარჩა მიწა მტვერიანი და დაჟანგული.
ვეძგერე ქაოსს ვით თავხედი მაკედონელი.
აჰა, იხსნება მეშვიდე ცის იდუმალება. მივჰქრივარ მაღლა. აღარ ვიცი სად დავეცემი. სად დამიტირებს შენი შავი, ბნელი თვალები. უნდა დავიწვა. უფსკრულები მსურს გავანათო.
უნდა დავიწვა როგორც მაშხალა.
არ გებრალები?
დედავ, მისტიურო ქალო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები