საზოგადოება
შსს–მ „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა
2013-05-28 13:05:27
ჩამოტვირთვა
შსს–ს თბილისის სამმართველოს მე–5 განყოფილების თანამშრომლებმა ორი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ერთ–ერთი ეჭვმიტანილი 2013 წლის 27 მაისს საღამოს 9 საათზე თამარ მეფის გამზირზე, საქართველოს ბანკის „ექსპრეს ცენტრი“-ს ფილიალში შეიჭრა, იარაღის მუქარით დიდი თანხა – 11 757 ლარი, 3 740 ევრო და 13 958 აშშ დოლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე მომხდარიდან 3 საათში თბილისში, საარ-ბრიუკენის მოედანზე რესტორან „ტიფლისში“ დააკავეს.
ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ნაყაჩაღარი თანხა სრულად ამოღებულია ნივთმტკიცებად.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ბანკის მომსახურე კერძო დაცვის სამსახურ „ალგანი“-ს თანამშრომელი, მომხდარ დანაშაულში ბრალდებულის თანამზრახველი იყო. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული პირი თაბუკაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათში დააკავეს.
ორივე ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც 8–დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
კომენტარები