საზოგადოება
ადვოკატი გუნავას საქმეში მონაწილე პოლიციელების დაკავებას მოითხოვს
2013-02-26 13:21:09
ჩამოტვირთვა
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას საქმეში მონაწილე პოლიციელების დაკავებას მოითხოვს. ველიჯანაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ საქმეზე გამოტანილი დადგენილების მიხედვით პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
"მართალია, გამოძიებამ ვერ დაადასტურა, რომ გუნავას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, მაგრამ არც ის დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავად ჰქონდა იარაღი და ნარკოტიკი. რაც შეეხება პოლიციელებს - გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაშიც ნათქვამია, რომ მათ განზრახ შეიყვანეს ოქმში არასწორი მონაცემები და გააყალბეს. ამასთან, წერია, რომ გუნავას ნიღაბი ჩამოაცვეს. რა თქმა უნდა, მათ დაკავებას მოვითხოვთ“ - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.
პროკურატურამ თენგიზ გუნავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა გუნავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, გამოძიება დაასრულა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა დარღვევებით წარიმართა, თუმცა მისთვის იარაღის და ნარკოტიკის ჩადება არ დასტურდება.
კომენტარები