საზოგადოება
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
2013-02-12 13:15:47
ჩამოტვირთვა
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მალხაზ წერეთელმა განუცხადა, დილიდან გაფიცულია ხუთი მაღარო და შვიდი გადამამუშავებელი ქარხანა, ასევე, დაცლილია კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციული შენობა.
მისივე ინფორმაციით, პროტესტის შედარებით მძიმე ფორმას რვა მაღაროელმა მიმართა. ისინი შუქრუთის მაღაროს სიღრმეში იმყოფებიან და ამოსვლაზე უარს აცხადებენ.
გაფიცულ მაღაროელებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი პირველ რიგში 28-დღიანი შვებულების 48 დღემდე გაზრდას ითხოვენ. გარდა ამისა, სურთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უქმე დღეები მათაც დაუკანონდეთ. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, ეს ავადმყოფობის შემთხვევაში გაუთვალისწინებელი დასვენების დღეების რაოდენობის, ე.წ. საავადმყოფო ფურცლის დღეებზე გასვლის რაოდენობის გაზრდას შეეხება.
როგორც დეპუტატი აცხადებს, სამივე მოთხოვნასთან დაკავშირებით მაღაროელებსა და დამქირავებელ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა მაღაროელების ახლანდელი პროტესტი პირობის შეუსრულებლობამ და პროცესის გაჭიანურებამ გამოიწვია.
ჭიათურის მაღაროელები 2012 წლის შემოდგომაზეც იყვნენ გაფიცულები.
კომენტარები