მსოფლიო
პარლამენტში დღეს პოლიტიკური დებატები გაიმართება
2013-02-06 12:47:50
ჩამოტვირთვა
საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დღეს პოლიტიკური დებატები გაიმართება. დებატები პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება. საკითხის პირველი მოსმენით განხილვა გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმის გამო გადაიდო, რომ უმრავლესობამ უმცირესობას ამ საკითხზე პოლიტიკური დებატების გამართვა შესთავაზა. საუბარია გასული წლის დეკემბრის ბოლოს 78 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულ ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ეხება. კერძოდ, კონსტიტუციიდან ის მუხლები ამოდის, რომელიც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში და საკუთარი უფლებამოსილების ამოწურვამდე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დათხოვნას უკრძალავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს უფლება ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს - მათ შორის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
ამავდროულად, ამავე საკონსტიტიციო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის პირველი პირის უფლებები მთავრობის დათხოვნის მიმართულებით იზღუდება. კერძოდ, მოქმედი საკონსტიტუციო ნორმით, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს,
პრეზიდენტი ხუთი დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას წამოაყენებს ან პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე ხუთი დღის ვადაში, პრეზიდენტის თანხმობით მინისტრებს დანიშნავს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად კი, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ნდობას ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღებს, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მთავრობის უფლებამოსილება კი მისმა ძველმა შემადგენლობამ უნდა განახორციელოს.
არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, ინიციატივის ავტორები კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის საჭირო ხმათა რაოდენობას, ანუ 100 ხმას ვერ აგროვებენ.
დებატები უმრავლესობის ლიდერთა, კერძოდ კი, უმრავლესობაში შემავალი ოთხი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის ინიციატივით მოეწყობა.
კომენტარები