მსოფლიო
საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ღვინისა და სურსათის პროდუქციის ხარისხის შესახებ პრეზენტაციას გამართავს
2013-02-04 12:35:18
ჩამოტვირთვა
საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ღვინისა და სურსათის პროდუქციის ხარისხის შესახებ პრეზენტაციას გამართავს, - ამის შესახებ მოსკოვში გამგზავრებამდე , აეროპორტში ჟურნალისტებს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა განუცხადა.
"პრეზენტაციას გავაკეთებთ საქართველოში სურსათის პროდუქციისა და ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის შესახებ, თუ როგორ კონტროლდება საქართველოში ეს პროდუქცია, როგორ ხდება ექსპორტის სერტიფიცირება და ამის შემდეგ იქნება განხილვა, რა ნაბიჯები უნდა დაიგეგმოს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ კალანდაძე კი განაცხადა, რომ ქართული დელეგაცია მზად არის ესაუბროს რუსეთის მთავარ სანიტარს, გენადი ონიშჩენკოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფუნქციები აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის კონტროლის კუთხით, რა ფუნქციები დარჩა ჯანდაცვის სამინისტროში, როგორი არის სტანდარტები, კანონმდებლობა და რამდენად იქნება დაცული ის პროდუქცია, რომელიც რუსეთში, ექსპორტზე გაიგზავნება.
"ღვინის გარდა, საუბარი იქნება მინერალური წყლის ექსპორტზე და შემდეგ ეტაპზე - ხილ-ბოსტნეულის",-დასძინა დავითაშვილმა.
7-კაციანი დელეგაცია, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გუშინ გაემგზავრა. საქართველოს დელეგაცია მოსკოვში ქართული ღვინისა და სხვა პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დღეიდან გამართავს. ისინი ასევე შეხვდებიან რუსეთის მთავარ სანიტარს, გენადი ონიშჩენკოს.
კომენტარები