2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში "კანონიერი ქურდების" პირველი ამნისტია განხორციელდა"

ჩამოტვირთვა

"სიხარული ქურდულ სამყაროში: საქართველოში "კანონიერი ქურდების" პირველი წყების ამნისტია განხორციელდა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული ინტერნეტ-გამოცემა "rospress.com", რომლის მონაცემებით, ციხიდან გამოშვებულ "ავტორიტეტებს" ქვეყნის დატოვებას შესთავაზებენ. "როგორც ჩანს, საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც ყოველი მესამე მსჯავრდებულის გაშვების დაპირებას იძლეოდა, საქმეზე გადავიდა. როგორც მოსალოდნელიც იყო, ციხიდან დროზე ადრე გათავისუფლებას 20-მდე "კანონიერი ქურდიც" იმედოვნებს. 23 იანვარს თბილისის №7 იზოლატორიდან ამნისტიის საფუძველზე "კორონირებული ავტორიტეტების" პირველი პარტია - 6 "კანონიერი ქურდი" გაუშვეს, უახლოეს მომავალში კი კიდევ 20 "ავტორიტეტის" გაშვება იგეგმება" - წერს ინტერნეტ-გამოცემა და ამნისტირებული "ავტორიტეტების" შესახებ საინფორმაციო სააგენტო "Прайм Крайм"-ის მონაცემებს აქვეყნებს. მისივე მონაცემებით, გათავისუფლებული "კანონიერი ქურდების" პირველ პარტიაში ელგუჯა დიღმელაშვილი, რევი დარახველიძე, ბესო პაპიაშვილი, ვლადიმერ ძოწენიძე, გიორგი კარანაძე (მეტსახელად "იაკიჩა") და რევაზ სესკურია (მეტსახელად "ვეფხო") მოხვდნენ, რომელთაც სასჯელის ვადა მიმდინარე ან მომავალ წელს ეწურებოდათ. როგორც გამოცემა იუწყება, ყველა მათგანს სამი დღე მიეცა, რათა ახლობლები მოინახულონ, ახალი პასპორტები აიღონ და ქვეყანა დატოვონ. მეორე წყების ფარგლებში ციხის დასატოვებლად ემზადებიან პოლიკარპე ჯანელიძე (მეტსახელად "პაატა"), თენგიზ ხოფერია (მეტსახელად "ჭინკა"), გიორგი ვიბლიანი ("ცალთვალა გიგა"), რევაზ მორჩილაძე ("პიტკინა"), ირაკლი ლეჟავა ("ლაზარე"), მამუკა კვიჟინაძე, გოჩა ლომინეიშვილი ("შიშკინი"), რომან ხმალაძე, თეიმურაზ ჭურაძე ("ალეკო"), გიორგი ქართველიშვილი და ლაშა ჯელაძე ("რადიო"). რუსული გამოცემის ინფორმაციით, ამ ჯგუფში შემავალ პირებს, მათ შორის - "ლაზარეს", რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა, პატიმრობის ვადა 1-დან 5 წლამდე შეუმცირეს. ამნისტირებულთა ბოლო პარტიაში ირიცხება კიდევ 3: ტარიელ ფოცხვერია, მერაბ ჭეიშვილი ("ჟორჟიკიჩა") და გოჩა ჯინჭარაძე ("ყურშა"). პირველ ორს 6-6 წელი მოაკლეს, მესამეს - ერთი. თებერვლის დასაწყისში კი გათავისუფლდება ბიძინა ბაკურიძე ("რომჩიკ ბათუმსკი"), რომელმაც ხელისუფლებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდა. „სხვათა შორის, ეს უკანასკნელი საქართველოში სულ რაღაც გასული წლის 19 სექტემბერს რუსეთიდან იქნა დეპორტირებული, სადაც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა" – წერს გამოცემა, რომლის შეფასებით, „გამოდის, რომ პირველი, ვის წინაშეც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება იჩქარა, "კანონიერი ქურდები" გახდნენ". „როგორც გაირკვა, პარლამენტის ამჟამინდელ შემადგენლობაში ერთდროულად რამდენიმე დეპუტატი ზის, რომელიც თავის დროზე "კანონიერი ქურდების" ადვოკატი იყო. მათ შორისაა იმ დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეც, რომელიც ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობდა. მეორეს მხრივ, სრულიად გაუგებარია, როგორ მოიქცევიან გათავისუფლებული "კანონიერი ქურდები", თუ კრიმინალურ სამყაროში "დედ ჰასანის" მკვლელობის შემდეგ შექმნილ დაძაბულობას გავითვალისწინებთ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მათ იმ ქვეყნებს მიაშურონ, სადაც კანონი "კორონირებული ქურდების" მიმართ უფრო ლოიალურია (მაგალითად, უკრაინას) და იქ სფეროების გადანაწილების პროცესში ჩაერთონ. მით უფრო, რომ ამნისტირებულთა უმრავლესობა ნაკლებად არის ცნობილი, "დედ ჰასანის" მკვლელობის შემდეგ შექმნილი რეალობა კი მათ მრავალრიცხოვანი კრიმინალური კონფლიქტების პერიოდში სტატუსის ამაღლებაში დაეხმარებათ. ასეთ შემთხვევაში პირდაპირ შეგვეძლება იმის თქმა, რომ საქართველოში ამნისტია ძალიან დროულად გამოცხადდა" - წერს ინტერნეტ-გამოცემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები