2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შრომის კოდექსის პროექტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას ანაზღაურების პირობებს განსაზღვრავს

ჩამოტვირთვა

უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებისას ანაზღაურების პირობებს შრომის კოდექსის პროექტი განსაზღვრავს. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, უქმე დღეებში მუშაობა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება კოდექსის მე-17 მუხლით დადგენილი წესით. თავის მხრივ, მე-17-ე მუხლის მეოთხე პუნქტში ცვლილება შედის. "ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება, თუ შრომის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 48 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1.25-ის ოდენობით. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე და ანაზღაურების პირობებზე იმ შემთხვევაშიც, თუ შრომის ხანგრძლივობა არ აღემატება კვირაში 48 საათს", -ნათქვამია მეოთხე პუნქტში. ცვლილება შედის ამავე მუხლის მე-3 პუნქტშიც რომლის მიხედვითაც ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დამსაქმებლის მოთხოვნით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 41 საათს. კანონპროექტის მიხედვით, სამუშაო დროდ კვირაში 41 საათია განსაზღვრული. ხოლო 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისა და შრომის მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 საათს კვირაში. 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი, არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს კვირაში. ცვლილებები შედის დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეჩერების წესშიც. შრომითი ურთიერთობის შეჩერება, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, შესაძლებელია თუ დროებითი შრომისუუნარობის ვადა არ აღემატება ზედიზედ 60 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 90 კალენდარულ დღეს. კანონპროექტი "საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები