მსოფლიო
ციხეებში უკანონოდ დამონტაჟებული მოსასმენი და ვიდეოჩანაწერი აპარატურა აღმოპაჩინეს
2013-01-29 12:07:08
ჩამოტვირთვა
სამართალდამცველებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა აღმოაჩინეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის
პრესსპიკერმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, ფარული მოსასმენი და ვიდეო ჩამწერი აპარატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, ასევე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღმოაჩინეს.
გიორგობიანის თქმით, გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (მათ შორის, თბილისის №8 და №9, ბათუმის №3, ქუთაისის №2, გეგუთის №14 და ზუგდიდის №4 დაწესებულებაში) 2006-2010 წლების პერიოდში, შენობების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების დროს, უკანონოდ დამონტაჟდა ფარული მოსასმენი და ვიდეო ჩამწერი აპარატურა, შესაბამისად, დანაშაული სისტემურად ორგანიზებულ ხასიათს ატარებდა.
მისივე განცხადებით, დაწესებულებებში ჩატარებული ჩხრეკისა და დათვალიერების პროცესში, უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეო ჩამწერი აპარატურის გარდა, გამომძიებლებმა სპეციალურ სათავსოს - ე.წ. "პულტების ოთახს" მიაკვლიეს, რომელიც მონაცემთა გაცვლისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით იყო აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლეოდა ვიდეო და აუდიო კონტროლი დისტანციურად განხორციელებულიყო.
როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, სიხლის სამართლის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული საააგენტო იძიებს.
კომენტარები