საზოგადოება
გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება
2013-01-28 13:39:30
ჩამოტვირთვა
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძემ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტულ საგანში გამოცდის ფორმის არჩევისა და საგამოცდო განრიგის საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სკოლა მიიღებს.
"2013 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით გაიმართება. იმ ოთხ სასწავლო დისციპლინაში, რომლებიც მოსწავლეებს დასრულებული აქვთ. ეს არის გეოგრაფია და საბუნებისმეტყველო დისციპლინები, ხოლო მეორე ეტაპი 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ჩატარდება", - განმარტა გოგლიჩიძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე გასულ მოსწავლეებს, რომლებიც მინიმალურ სტანდარტს ვერ დაძლევენ საშუალება ექნებათ, რომ სასკოლო გამოცდები მეორე ეტაპზე მაისის თვეში ჩააბარონ. ამასთან გამოცდების ჩაბარების უფლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს ექნებათ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად ვერ, ან არ ჩააბარა გამოცდები მხოლოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირდება, რომელშიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხული დაძლია. ასეთ მოსწავლეებს უფლება აქვთ პირველ ეტაპზე ყველა დამამთავრებელი 8 გამოცდა ჩააბაროს.
სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებისა და ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას სკოლა უზრუნველყოფს.
კომენტარები