2 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სოზარ სუბარი: ალასანიას შეცდომა მოუვიდა

ჩამოტვირთვა

პრემიერ-მინისტრმა თქვა ის, რაც თქვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მას შემდეგ განუცხადა , რაც ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რამდენად მართებულია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ირაკლი ალასანიას საჯაროდ გაკიცხვა. მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კოალიციაში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, რადგან ამ თემაზე არ უმსჯელიათ. "ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი, შესაბამისად ეს პოსტი უნდა დაიკავოს ადამიანმა, რომელსაც ექნება დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ამას გამოიყენებს, როგორც არბიტრი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებას დავოსიდან გამოეხმაურა. როგორც ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო. მისი თქმით, მოხდა ელემენტარული გაუგებრობა, რაც ნებისმიერ პოლიტიკოსს შეიძლება მოუვიდეს. "მან მოახერხა და მის გუნდში დაიწყო განხილვა, შეიძლებოდა თუ არა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა პრეზიდენტად. მერე მოხდა ისე, როგორც საქართველოში ხდება. ვიწრო წრეში ნათქვამი გავიდა, გავიდა და იმით დასრულდა, რომ ამაზე ერევანში მეკითხებოდნენ უკვე ჟურნალისტები", - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, როდესაც მან ახალი პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო" ჩამოაყალიბა და გადაწყვიტა, პარტიის თავმჯდომარე გამხდარიყო, მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოალიციას, ყველანი საქმის კურსში ჩააყენა და აუხსნა, რომ მისი თავმჯდომარეობა და ამ პარტიის რეგიონებში განვითარება არ იქნებოდა ისე, რომ დანარჩენ პარტიებს ხიბლი დაკარგვოდა. "მე ასე ფრთხილად ვიქცეოდი. ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა, რომ საკუთარ გუნდთან დაიწყო განხილვა. ამ გუნდმა კი ეს ინფორმაცია გაიტანა და სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ჭორებს შეეწირა ალასანიას ვიცე-პრემიერობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები