საზოგადოება
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოს 30 იანვარს ეწვევიან
2013-01-21 15:11:19
ჩამოტვირთვა
30 იანვარს საქართველოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ეწვევიან, ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები შეხვედებიან ხელისუფლების ყველა შტოს, მათ შორის თავად კოტრე კუბლაშვილსაც.
"ჩვენ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ავუხსნით ძალიან გარკვევით ჩვენ პოზიციებს და იმედი მაქვს, რომ ისინი სწორედ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პოზიციას დაეთანხმებიან", - განაცხადა კუბლაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ შეხვედრას და იმ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის ინიციატივით უზენაესი სასამართლო გამოდის, კუბლაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფრო მეტი გარანტიების შესახებ პროექტზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენიშვნები არ ჰქონიათ.
"მათ კარგად ესმით, რომ ეს ცვლილებები უფრო მეტად გაძლიერებს ზოგადად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ჩემს წინადადებასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვა და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი უკვე წარდგენილი და ის მხარს უჭერს თავის პროექტს. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ვერ ხვდებიან საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობას. ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ პოლიტიკური შეხედულებების გამო ვერ შეიტანოს ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
სასტუმრო "რედისონში" გამართულ შეხვედრას კოტე კუბლაშვილის გარდა ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომენტარები