საზოგადოება
ილია მეორეს დღეს მოსკოვში დააჯილდოებენ
2013-01-21 11:41:06
ჩამოტვირთვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში იმყოფება. უწმინდესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრნენ
საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა აბაშიძე.
ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მისი უწმინდესობა კირილის მიწვევით ჩადის. პატრიარქი მოსკოვში უმაღლესი რანგის საერო და სასულიერო პირებს შეხვდება. უწმინდესი 23 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც გამართავს შეხვედრას.
ვიზიტის მიზანი, საქართველოს პატრიარქის დაჯილდოებაა. "მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდმა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პრემიით დააჯილდოვა. ეს ჯილდო უკავშირდება მართლმადიდებელი ხალხების დამეგობრებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 21 იანვარს. ამავე დღეს დაგეგმილია შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, მის უწმინდესობა კირილის რეზიდენციაში ორ პატრიარქს შორის. გარდა ამისა, 22 იანვარს მოსკოვში, კრემლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დაგეგმილია წირვა, რომელშიც ორი ქვეყნის პატრიარქები და წმინდა სინოდის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ გაიმართება ოფიციალური სადილი", - აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ. მისივე თქმით, 23 იანვარს, 15.00 საათზე გაიმართება შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
საქართველოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდის გენერალური მენეჯერის, ლაშა ჟვანიას თქმით, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრებზე ასევე განიხილება ორი ქართველი მეფის, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ პირველის საქართველოში გადმოსვენების საკითხი.
"განხილული იქნება მთელი რიგი საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხები როგორც ორ ქვეყანას, ისე ორ ეკლესიას შორის. საუბარი შეეხება მომავალში დაგეგმილ მსოფლიო საეკლესიო კრებას. ასევე, ორი მეფის ნეშტის გადმოსვენების საკითხს. მის უწმინდესობას იმედი აქვს, რომ ეს დადებითად და მალე გადაწყდება ისე, როგორც სხვა საკითხები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სტკივა და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - განმარტა ჟვანიამ.
პატრიარქი საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.
კომენტარები