მსოფლიო
გენერალურმა ინსპექციამ ბექა გოჩიაშვილის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო
2013-01-15 13:16:57
ჩამოტვირთვა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გენერალურმა ინსპექციამ სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ ჯაზმენის, ბექა გოჩიაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა დაიწყო.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოკვლევის მასალები საჯარო გახდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დადგინდება, რომ ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის, ლაშა გოჩიაშვილის მოწმის სახით დაკითხვის დროს, ადგილი ჰქონდა პოლიციელთა მხრიდან მუქარას, ზეწოლას და უფლებამოსილების გადამეტებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კანონის სრული დაცვით შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
რაც შეეხება ბექა და ლაშა გოჩიაშვილების მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობას, როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 2013 წლის 4 იანვარს, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება თბილისში, კოსტავას ქუჩა N63ა-ში მდებარე ნანა დავითაიას საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საიდანაც მოიპარეს სეიფი, რომელშიც ნანა დავითაია 60 000 ევროს, 20 000 ლარს, 10 000 აშშ დოლარსა და 300 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროულობას ინახავდა.
შსს-ს ცნობით, მოწმეთა ჩვენებებით გაირკვა, რომ ბინის გასაღებით რამდენიმე ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის, ბექა გოჩიაშვილმა, რომელიც ნანა დავითაიას თანხმობით, ერთი დღე აღნიშნულ ბინაში დარჩა, სადაც მას ესტუმრნენ მეგობრები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც შსს-ს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს V განყოფილება აწარმოებს.
16 წლის ვირტუოზი ჯაზმენი ბექა გოჩიაშვილი სამართალდამცველებს მასზე განხორციელებულ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მას 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ. ბექა გოჩიაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველები მას ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
კომენტარები