მსოფლიო
დედაქალაქში დასუფთავებაზე შესაძლოა, კვლავ ზღვრული მოსაკრებელი დაწესდეს
2013-01-15 13:14:58
ჩამოტვირთვა
დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურებაზე შესაძლოა, კვლავ ზღვრული მოსაკრებელი დაწესდეს, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
აღნიშნულ საკითხს ითვალისწინებს დეპუტატ თინათინ ხიდაშელის მიერ მომზადებული "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, სადაც განისაზღვრება, რომ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები მხოლოდ მოსაკრებელს გადაიხდიან.
გარდა ამისა, ცვლილებები "ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" კანონშიც აისახება და მის საფუძველზე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რაიმე ისეთი ტარიფის, გადასახადის ან მომსახურების შემოღება, რომელიც ადგილობრივი მოსაკრებლით განსაზღვრული სფეროს რეგულირებისთვის არის დადგენილი, იკრძალება.
აღნიშნულ ორ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანელ სხდომაზე დარეგისტრირდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ის ქალაქის მერს, გიგი უგულავას ესაუბრა და მოსაზრებები და მზაობა, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ამოქმედებასთან დაკავშირებით პირადად მისგან შეიტყო.
ამჟამად თბილისში დასუფთავების გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვრება.
კომენტარები