მსოფლიო
მარინა მიზანდარი – მსოფლიო კუტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ბაგრატის ტაძრის ამოღება ეჭვქვეშ არ დგას
2013-01-14 13:18:38
ჩამოტვირთვა
ბაგრატის ტაძარი საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაშია და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღება ემუქრება, - ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა მიზანდარმა განაცხადა, რომელიც, მინისტრ გურამ ოდიშარიასთან ერთად, საქართველოში გუშინ დაბრუნდა.
გურამ ოდიშარია და მარინა მიზანდარი იუნესკო-ში ბაგრატის ტაძრის შესახებ მოლაპარაკებებს რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდნენ.
როგორც მარინა მიზანდარმა განმარტა, ბაგრატის ტაძარს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან სავარაუდოდ იუნესკო-ს მომდევნო განხილვაზე ამოიღებენ. მორიგი სხდომა იუნესკო-ში 1-ელი თებერვლისთვის არის დაგეგმილი. იქამდე ქართულმა მხარემ საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული შეთავაზების შესრულებაზე უნდა იზრუნოს.
"ამის მიზანია ის, რომ გელათი მაინც შენარჩუნდეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, რადგან დღეს ბაგრატი და გელათი ერთად არის და ბაგრატის ამოღების შემთხვევაში გელათსაც იგივე ემუქრება. გვთავაზობენ, 1-ელ თებერვლამდე ძეგლების ახალი საზღვრები წარვადგინოთ. თუმცა, "იკომოსი" თვლის, რომ იუნესკო-ს გელათის, როგორც დამოუკიდებელი ძეგლის მიღება, გაუჭირდება. არის ასეთი კომპრომისული ვარიანტი, რომ ბაგრატი გელათის შემადგენლობაში არსებულ ძეგლად მოიაზრებოდეს, თუმცა, ეს სათუო საკითხია", - აღნიშნა მარინა მიზანდარმა.
მისივე განმარტებით, გელათის გეოგრაფიულ არეალში მოქცევა და ნუსხაში მისი ამგვარად დატოვება გართულდება. "ბაგრატი, ისევე, როგორც მცხეთის ძეგლები, საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაშია. მცხეთაზე კიდევ არის დაბრუნების იმედი. ბაგრატის და გელათის საკითხი კი ცალსახად ძალიან რთულია. "იკომოსი", რომელიც იუნესკო-ს საკონსულტაციო ორგანოა და მთელ ტექნიკურ მასალას უმზადებს, ამბობს, რომ ხელახალი ნომინაციის გაკეთება დაგვჭირდება - ანუ, ჯერ ამოვარდება ბაგრატი და გელათი, ხოლო შემდეგ გაკეთდება სახეცვლილი რენომინაცია გელათზე, რომელშიც ბაგრატის მოქცევა ძალიან რთული იქნება", - განაცხადა მარინა მიზანდარმა.
კომენტარები