მსოფლიო
16 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილის იუბილეს აღნიშნავენ
2013-01-12 14:14:37
ჩამოტვირთვა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 16 იანვარს დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის (ექვთიმე ღვთისკაცის) დაბადების 150-ე წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო სხდომა გაიმართება.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელთა ინფორმაციით. სხდომას აკადემია საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად აწყობს. მონაწილეებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მიმართავს.
კონფერენციაზე ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ აკადემიკოსი როინ მეტრეველი ისაუბრებს. სხდომაზე ასევე მოხსენებებს წაიკითხავენ: აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი კონსტანტინე ფიცხელაური, ექვთიმე თაყაიშვილის საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი ნანა ხაზარაძე.
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის თაოსნობით წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად 2002 წელს შერაცხა. "იუნესკოს" ეგიდით კი, წლევანდელი 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა, საიუბილეო თარიღი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. ექვთიმე თაყაიშვილი მიჩნეულია ქართული კულტურის საგანძურის უანგარო მცველად და ჭეშმარიტ ქართველ მამულიშვილად, რომელმაც სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს შესწირა თავისი მოღვაწეობა და სიცოცხლე.
კომენტარები