საზოგადოება
რატომ მალავენ იმ პოლიციელების ვინაობას, რომლებმაც გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს?
2013-01-09 18:45:56
ჩამოტვირთვა
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი პრესა.ჯი გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
შსს სამინისტროს დღემდე არ დაუსახელებია იმ პოლიციელთა ვინაობა, რომლებმაც გენ-ინსპექციის ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრმა, პოლიციელების მხრიდან გუნავასთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება აღიარა, საზოგადოებამ მოძალადე და დამნაშავე „ოპერების“ ვინაობა ამ დრომდე არ იცის- სწორედ ამ კითხვით იწყებს ავტორი სტატიას.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არც პოლიციის იმ მაღალჩინოსნის ვინაობა დაუსახელებია, ვინც რიგითებს თენგიზ გუნავასთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება უბრძანა.
გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი მხოლოდ დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა
შს სამინისტროს არც ის მნიშვნელოვანი დეტალები დაუკონკრეტებია, რის გამოც თენგიზ გუნავა რამდენიმე დღის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. მინისტრი ღარიბაშვილი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ გუნავა დამნაშავე იყო და მას დაკავებისას უკანონო იარაღი და ნარკოტიკი აღმოაჩნდა. ღარიბაშვილი იმასაც ამტკიცებდა, რომ გუნავა დაკავების მომენტში ნარკოტიკური ნივთიერების მოხმარების ქვეშ იმყოფებოდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მას, ორგანიზმში ნარკოტიკური ნივთიერებები არ აღმოაჩნდა, მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაული აღიარა.
თენგიზ გუნავას განცხადებით კი, მისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება, რიგით პოლიციელებს, შს მინისტრის მოადგილემ, ალეკო ტაბატაძემ და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბედიამ უბრძანა.
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი, „პრესა.ჯი“-თან საუბრისას იმ დამნაშავე პოლიციელების ვინაობას ვერ აკონკრეტებს, რომლებიც, მისი თქმით, მინისტრმა გუნავას საქმესთან დაკავშირებით გაათავისუფლა. გიორგობიანი აცხადებს, რომ მოგვიანებით, შს მინისტრმა იგივე საქმესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მე-6 პოლიციელი გაათავისუფლა.
რატომ არ გაათავისუფლა ან დასაჯა შს სამინისტრომ პოლიციის ის მაღალჩინოსნები, რომლებმაც რიგითებს, დაზარალებულის განცხადებით, გუნავასთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება და შემდეგ მისი აბსურდული ბრალდებით დაკავება უბრძანეს, ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.
თენგიზ გუნავას კი მთავარ პროკურატურაში შეტანილი აქვს საჩივარი, რომლის მიხედვითაც მისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადება, რიგით პოლიციელებს, შს მინისტრის მოადგილემ, ალეკო ტაბატაძემ და კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბედიამ უბრძანეს. პრესა. ჯი-ს ინფორმაციით კბილაშვილს საჩივარში დასახელებული პირები ფორმალურადაც კი არ დაუკითხავს.
საინფორმაციო სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომს პრესსამსახურის ხელმძღვანელს დამნაშავე პოლიციელების ვინაობის დასახელებისთვის ვადა დღის ბოლომდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრესა. ჯი საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობი ექვსივე პოლიციელის სახელსა და გვარს თვითონ გამოაქვეყნებს.
კომენტარები