მსოფლიო
კიტოვანი საქართვლოს მოქალაქეობას ითხოვს
2012-12-25 12:13:46
ჩამოტვირთვა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მთავრობას ახალ წლამდე მიმართავს. ამის შესახებ "ივერონს" თავად ექს-მინისტრმა განუცხადა და იქვე დასძინა, რომ "გაურკვეველია, რატომ ჩამოართვეს მას მოქალაქის სტატუსი".
"ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, მივმართე საკონსულოს, შვეიცარიის საელჩოს და იქ გავიგე, რომ საქართველოს მოქალაქეობა წამართვეს. რა უფლებით წამართვეს?! გადახდილი ფულიც წაიღეს! არც რაიმე ბრალდება წაუყენებიათ ჩემთვის, ან რატომ უნდა წაეყენებინათ? - არაფერი დანაშაული არ ჩამიდენია!"- განაცხადა თენგიზ კიტოვანმა, თუმცა კატეგორიულად არ ისურვა იმის გამხელა, არის თუ არა რუსეთის მოქალაქე და რომელი ქვეყნის მოქალაქის სტატუსით იმყოფება ამჟამად სამშობლოში.
საქართველოს კანონმდებლობის თანხმად, ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველებია: სხვა სხელმწიფოს მოქალაქეობის მიღება; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით; საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქისთვის ორი წლის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით საკონსულო აღრიცხვაზე არდადგომა; საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შესვლა სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის, მმართველობის ან სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებში.
თენგიზ კიტოვანი რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოში 21 დეკემბერს დაბრუნდა.
კომენტარები