მსოფლიო
"პიკ"-ს ახალი მფლობელი ჰყავს
2012-11-15 12:18:50
შპს "ტელეკომპანია პიკს", რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხს "პიკ"-ს მართავდა, ახალი მფლობელი ჰყავს.
როგორც "მედია.გე" იუწყება, მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს კომპანიის 60 პროცენტი ოთხი დღით ადრე შექმნილ შპს "შვიესას" გადაეცა.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა, რომ კომპანიის 60 პროცენტის გადაცემის სანაცვლოდ, "შვიესა" ვალდებულია ოქმზე ხელმოწერიდან 5 წლის განმავლობაში შპს "ტელეკომპანია პიკის" კაპიტალში მილიონ ხუთასი ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
კრების ოქმში აღნიშნულია, რომ "შვისეას" "შესატანი შესაძლოა განხორციელდეს ფულადი ფორმით ან ქონებრივი შენატანის სახით".
"შვისეას" 30 პროცენტი "ტელეკომპანია პიკის" 55 პროცენტის მფლობელმა მამუკა თათოშვილმა დაუთმო, 10-10 პროცენტი კი გიორგი აღდგომელაძემ, თამაზ გუდაძემ და ნიკოლოზ ტაბიძემ, რომელთაც მანამდე 15-15 პროცენტი ეკუთვნოდათ.
გამოცემის ინფორმაციით, "შვიესას" დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია (Darius Jurgelevicius). ის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და ამჟამად თბილისში ცხოვრობს. ლიტვური მედიის (Irytas.lt) ცნობით, იურგელავიჩუსი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო.
კომენტარები