საზოგადოება
სოციალური პროტესტი თბილისსა და რეგიონებში
2012-11-03 13:26:02
ჩამოტვირთვა
სოციალური პროტესტი თბილისსა და რეგიონებში – დევნილები და უსახლკაროდ დარჩენილები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისევ ითხოვენ. მიუხედავად მთავრობის მოწოდებისა, მათ არც ერთი დაკავებული ობიექტი არ დაუტოვებიათ.
უკვე მე-5 დღეა შიმშილობენ რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოში შეჭრილი სოციალურად დაუცველები. ისინი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. და ამბობენ, რომ შესაძლოა მშრალი შიმშილობა დაიწყონ.
მაღაროელთა გაფიცვა ჭიათურაში გრძელდება. ითხვისის მაღაროში პროტესტს 10 ქალბატონიც შეუერთდა. აქციის მონაწილეთა შორის ფეხმძიმე ქალიცაა. სამი შვილის დედა თეა ყიფშიძე მჯდომარე აქციას შეუერთდა და ამბობს, რომ მაღაროს ტერიტორიას არ დატოვებს.
"ჯორჯიან მანგანეზთან" მაღაროელებმა ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აქციის მონაწილეები დღეს შიმშილობას იწყებენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გვირაბის 2500 მეტრის სიღრმეში მყოფი თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ.
პროტესტის უკიდურესი ფორმა და გაფიცვა ფოთის პორტში - უკვე მეორე დღეა შიმშილობენ „აი-პი-ენ ტერმინალის“ დირექციის მიერ ერთი წლის წინ გათავისუფლებული თანამშრომლები და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
ერთ–ერთ მათგანს გვიან ღამით სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მიუხედავად ამისა, მოშიმშილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და გადაწყვიტეს, რომ უვადო შიმშილობის პროცესში ერთმანეთს ჩაენაცვლებიან. უკიდურესი პროტესტის მონაწილეები ძირითადად ქალბატონები არიან.
მესამე დღეა გაფიცულები არიან ფოთის პორტის სარეზერვო მუშები და დოკერები. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. დღეს მათ ახალ ხელისუფლებას, მათი პრობლემების შესასწავლად, სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართეს.
კომენტარები