საზოგადოება
„იმედის“ ახალმა ხელმძღვანელობამ საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა
2012-11-03 12:53:48
ჩამოტვირთვა
ტელეკომპანია იმედის ახალმა ხელმძღვანელობამ არხის საინფორმაციო სამსახური მთლიანად დაითხოვა. აღნიშნულ ინფორმაციას იმედის ყოფილი ჟურნალისტები პირად საუბრებში ადასტურებენ.
მაყურებელს დაემშვიდობა დღეს ახალი ამბების წამყვანი, ჟურნალისტი ნოდარ მელაძეც.
„იმედზე ახალ ამბებს მე თქვენთვის აღარ მოვამზადებ, ჩვენს ნაცვლად იქნებიან სხვები“,- წერს ჟურნალისტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მელაძე იმედს გამოთქვამს რომ ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას შეეძლებს.
„ნახვამდის, ვემშვიდობები ქრონიკის მაყურელებელს, იმედზე ახალ ამბებს მე თქვენთვის აღარ მოვამზადებ, ჩვენს ნაცვლად იქნებიან სხვები. ახალი ამბების კეთება ეს არის ყველაზე რთული საქმე, მე მინდა წარმატებები ვუსურვო მათ, ვინც იმედის ახალი გუნდის წევრი გახდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც იყო ჩემი გულშემატკივარი, და ცხრა სატელევიზიო სეზონი იმედის არხზე, მანამდე მზეზე და კიდევ უფრო ადრე პირველ არხზე უყურებდა ახალ ამბებს, რომელსაც მე ვამზადებდი. მე სხვა არაფრის კეთება ვიცი, მე ვარ ჟურნალისტი და იმედი მაქვს რომ ისევ შევძლებ გითხრათ, “გამარჯობა ეს არის მთავარი დღეს.” კიდევ ერთხელ მადლობა ყველა იმ იმედელს რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა ამ არხზე. ეს ყველაფერი ფრაგმენტებია, ცხოვრება ამით არ სრულდება, უბრალოდ ის ბევრი სასიამოვნო და უსიამოვნო ფრაგმენტისაგან შედგება. ეს არის რეალიზმი, რომელიც უნდა მივიღოთ, მოვერგოთ და პატივი ვცეთ“,- ამბობს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ არხი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 3 ლარად დაიბრუნა.
გარდაცვლილი ბიზნესმენის ქვრივის, ინა გუდავაძის განცხადებით, ტელე-კომპანია „იმედს“ ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი, ლიკა პატარკაციშვილი უხელმძღვანელებს.
კომენტარები