მსოფლიო
კახეთში ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
2012-10-27 12:34:32
ჩამოტვირთვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის კახეთის გადამღებ ჯგუფს ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა სოფელ ვაჩნაძიანში წუხელ მოხდა.
გადაცემა საჯარო პოლიტიკის ჩაწერაში მონაწილეობა გურჯაანის რაიონის მცხოვრებლებს უნდა მიეღოთ. ამ მიზნით ადგილობრივები სოფელ ვაჩნაძიანში იმ ადგილას შეიკრიბნენ საიდანაც პირდაპირი ჩართვა უნდა განხორციელებულიყო. თუმცა გადაცემის დაწყებამდე შეკრებილ ხალხთან ორი ავტომანქანით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები მივიდნენ და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დაინტერესდა გაერკვია მათი ვინაობა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფებმა ჯერ გადაღება აუკრძალეს შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. უცნობი ადამიანები ჟურნალისტების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც შეეცადნენ.
საქმით გურჯაანის რაიონული პოლიციაც დაინტერესდა. გადამღები ჯგუფის დაკითხვა დილის ოთხ საათამდე ველისციხის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა. პოლიციაში საქმე 154 მუხლის პირველი ნაწილით ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით აღიძრა.
კომენტარები