მსოფლიო
საქართველომ რეფორმების განხორციელების კუთხით მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა
2012-10-23 12:23:24
ჩამოტვირთვა
საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიდან (IFC) აცნობეს, გარდა ამისა, 2005 წლიდან მოყოლებული, საქართველომ რეფორმების განხორციელების კუთხით მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენა.
"2005 წლიდან საქართველოში 35 ინსტიტუციური და მარეგულირებელი რეფორმა განხორციელდა და ქვეყანამ წინ წაიწია ანგარიშში ასახულ ყველა ასპექტში. მხოლოდ გასულ წელს, საქართველომ რეფორმები კვლევის მიერ ასახულ ექვს სფეროში განახორციელა, რომელთა რაოდენობა მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმების რაოდენობას აღემატება. საქართველომ, რომელიც მე-9 ადგილზეა ანგარიშში "ბიზნესის წარმოება 2013", გაამარტივა კონტრაქტების შესრულება კომერციული დავების პროცედურების გამარტივებით და დაჩქარებით. მან გააძლიერა უზრუნველყოფილი გარიგებების სისტემა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანით, რამაც შესაძლებელი გახადა გირაოს ჩანაცვლება და ასევე გირავნობის უფლების გავრცელება პროდუქტებზე და შემოსავლებზე. საქართველომ ელექტროენერგიის მიღება გაამარტივა სადისტრიბუციო ქსელში ახალი მომხმარებლების ჩართვის პროცესის გამარტივებით და ჩართვის მოსაკრებლის შემცირებით. ქვეყანამ ასევე გააადვილა გადასახადების გადახდა კომპანიებისთვის ელექტრონული სისტემის გამოყენების გაფართოებით და გადასახადის გადამხდელებისთვის გაცილებით მეტი მომსახურებების შეთავაზებით. ამასთან ერთად, საქართველომ დააჩქარა გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესი, მათ შორის აუქციონთან მიმართებაში მკაცრი ვადების დადგენით. მან შეამცირა იმპორტ-ექსპორტის პროცედურების განხორციელებისთვის საჭირო დრო ეკონომიკური გაფორმების ზონების შექმნით", - ნათქვამია ანგარიშში.
კომენტარები