0 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივერი გოგბერაშვილს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჩამოტვირთვა

23 წლის ჩოგბურთელის, ზურა ტარყაშვილის, მკვლელობის ერთერთი მთავარი ორგანიზატორი და მკვლელობაში ბრალდებული, ივერი გოგბერაშვილი, სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ივერი გოგბერაშვილის საქართველოში ექსტრადაცია 10 სექტემბერს განხორციელდა. მკვლელობის ჩადენის დღესვე ის შემთხვევიs ადგილიდან მიიმალა და თავს კიევს აფარებდა. უკრაინის დედაქალაქში გოგბერაშვილი პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, პირობითი მსჯავრის მქონე, 1960 წელს დაბადებულმა ივერი გოგბერაშვილმა, 2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე შეიარაღებულ პირთან ერთად 23 წლის ზურა ტარყაშვილი, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა ივერი გოგბერაშვილის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ზურა ტარყაშვილს 11 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მათ შორის საკონტროლო გასროლა სწორედ გოგბერაშვილმა განახორციელა. რის შემდეგაც დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა 19 წლის დავით რუსიშვილი, რომელსაც აღნიშნული დანაშაულისთვის 21 წელი აქვს მისჯილი. რუსიშვილს ვერდიქტი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამოუტანა. 30 წლიანი პატიმრობა მიესაჯა მკვლელობაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს - ირაკლი აგლაძეს, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება. მიმალვაშია დავით ჯოხაძეც, რომელსაც თავდაპირველად გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავებოდა, მოგვიანებით კი, დავით ჯოხაძეს ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ბრალდება უკვე ოფიციალურად წაუყენეს. აღსანიშნავია, რომ ჯოხაძის მიერ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილეობაზე ღიად საუბრობდა დავით რუსიშვილის ადვოკატი თეიმურაზ მაგრაქველიძეც. გამოძიება ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირთა დადგენაზეც მუშაობს. ჯერჯერობით მათი ვინაობა არ სახელდება. თუმცა, ზურა ტარყაშვილის მკვლელობის ორგანიზების, დანაშაულის დაფარვისა და თანამონაწილეობის ბრალდებით შესაძლოა კიდევ რამდენიმე პირი დააპატიმრონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები