საზოგადოება
მართლმადიდებლური სამყარო მარიამობას აღნიშნავს
2012-08-28 16:22:29
ჩამოტვირთვა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II სიონის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
არსებობს გადმოცემა, რომ: ერთხელ ანგელოზებმა სამოთხეში იმაზე მეტი კეთილი სული შენიშნეს, ვიდრე მათ შემოეშვათ, თუმცა ვერ გაერკვიათ საიდან მოხვდნენ იქ. ბოლოს გაირკვა, რომ ერთი წმინდანი სამოთხის და ჯოჯოხეთის კარიბჭესთან იდგა და ჯოჯოხეთში მოხვედრილ სულებს, რომლებიც თავიანთ ცოდვებს ნანობდნენ, ჩუმად აპარებდა სამოთხეში. ღმერთიც ამ წმინდანის ცრემლებს ვერ უძლებდა და სულებს უკან ჯოჯოხეთში აღარ აბრუნებდა. ამბობენ რომ ეს უბიწო წმინდანი დღესაც მიდის ხოლმე კარიბჭესთან და უშვებს ცრემლით განწმენდილ ცოდვილებს.
დიახ ეს ღვთისმშობელი იყო, წმინდანი, რომლის მიძინების დღესაც აღნიშნავს დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო.
ყოვლადწმიდა ქალწულმა მარიამმა ამქვეყნიური ცხოვრება ხანდაზმულობის ასაკში დაასრულა, მისი გარეგნობის აღწერილობა წმიდა ეპიფანესა და ნიკიფორე კალისტისის ისტორიულ წყაროებშია დაცული. იგი იყო ზომიერი სიმაღლის, საშუალოზე ოდნავ მაღალი, სახე ხორბლისფერი ჰქონდა, თმა ღია და ოდნავ ოქროსფერი გადაჰკრავდა, თვალები ნათელი, მზერა გამჭრიახი, გუგები ზეთისხილისფერი, წარბები ოდნავ მოდრეკილი და საკმაოდ შავი, ცხვირი მოგრძო, ბაგე ფერით ვარდს მიმსგავსებული და ტკბილი სიტყვით სავსე, სახე არც მრგვალი და არც წაწვეტებული, არამედ ოდნავ მოგრძო, ხელები და თითები გრძელი, იგი გამოხატავდა უბრალოებას და სრულ მორჩილებას.
ყველა თანამედროვე, ვინც მისი ხილვის ღირსი გახდა, მოწმობს, რომ მისი გარეგნობა საოცარი სილამაზით გამოირჩეოდა. დიონისე არეოპაგელმა ღვთისმშობელი უკვე ხანდაზმულობის ასაკში იხილა, დიონისე ამ შეხვედრის შესახებ პავლე მოციქულს მოუთხრობს და ამბობს, რომ მისი გონება და გული წმიდა ქალწულის ღვთაებრივი სილამაზის ხედვით მოუძლურდა და რომ არ სცოდნოდა, რომ ღმერთი ერთია, ისევე სცემდა მას თაყვანს როგორც ჭეშმარიტ ღმერთს.
ის ამ ქვეყნად დედათა შორის უდიდებულესი და და უმშვენიერესი იყო. მისი უანგარო მორჩილება და ღმერთზე მინდობა, განუწყვეტელი ლოცვა, მძიმე განსაცდელთა უდრტვინელად დათმენა, ახლობლების მიმართ გულთბილობა მას თვით ზეციურ ძალებზე მაღლა აყენებდა. უფლის საყდრის წინაშე შიშითა და ძრწოლვით წარდგომილა ყველა, ისე როგორც სუსტ და უმწეო არსებას შეჰფერის დგომა ყოვლადძლიერი შემოქმედის წინაშე, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი უდიდესი დედობრივი კადნიერებით მიმართავს თავის ძეს და ღმერთს, ამიტომ მის ლოცვას დიდი ძალა აქვს. ყოველივე შეერთდა ყოვლადწმიდა ქალწულში, რათა ჩვენთვის ცოდვილთათვის ცხადი გამხდარიყო, თუ სად უნდა ვეძებოთ შეწევნა და შუამდგომლობა. ის სულწმიდის ყოველგვარი ნიჭით იყო შემკული, მხოლოდ მას უგალობს ეკლესია: მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო.
კომენტარები