მსოფლიო
განახლებული რაჭა - ჩვენი სიყვარული
2012-08-27 10:35:25
ჩამოტვირთვა
ახალი შენობებები, კეთილმოწყობილი პარკები და სკვერები, გზის რეაბილიტაცია, წყალგაყვანილობის უახლესი სისტემა - ეს იმ რეფორმების მცირე ჩამონათვალია, რომელიც რაჭაში გატარდა.
ამბროლაური ღამით ძალიან მიმზიდველია. გარე განათების ახალი სისტემის დამონტაჟებამ მას განსაკუთრებული ელფერი შესძინა. რაიონი რაჭის მაღალი ფერდობებიდან ხელისგულივით მოსჩანს. განათებული და განახლებული ქალაქი ნებისმიერ დამთვალიერებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
ქალაქის ცენტრში სასტუმრო და პოლიციის შენობა გვერდიგვერდ არის განთავსებული. უსაფრთხო და კომფორტული გარემო დიდი რაოდენობით ტურისტს მოიზიდავს. უცხოელი დამსვენებლები რაიონში ყოველწლიურად ჩამოდიან. მათ გაოცებას რაჭველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, საოცარი ბუნება და უგემრიელესი ადგილობრივი პროდუქცია იწვევს.
(1. მე ვარ ჩიკაგოდან, მშვიდობის კორპუსის მოხალისე საქართველოში. რაჭაში არაერთხელ ვყოფილვარ. ძალიან ლამაზი კუთხეა, აღფრთოვანებული ვარ.
2. მე სან ფრანცისკოდან ვარ. რაჭამ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ ყველაფერი განსაკუთრებულია, მათ შორის ხალხი.)
რაჭველების დასაქმების მიზნით, რაიონებში კერძო და საჯარო სტრუქტურების ტერიტორიული ერთეულები გაიხსნა. ამბროლაურის ცენტრში რამდენიმე ბანკის ფილიალი ფუნქციონირებს. რაიონში უკვე გაიხსნა სპორტული კომპლექსი, ასევე სოფლის მეურნეობის სერვისცენტრი, რომელიც გლეხებს საჭირო კონსულტაციებს გაუწევს.
ამბროლაურის გარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქ ონშიც მიმდინარეობს. რაიონის ცენტრში აშენდა ახალი სასტუმრო, ასევე - რესტორანი ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის. სექტემბრის დასასრულს მოსახლეობა განახლებულ ცენტრალურ მოედანს იხილავს.
ნიკორწმინდაში წყალგაყვანილობის სრულიად ახალი სისტემა დამონტაჟდა და წყალი ყველა ოჯახს შეუფერხებლად მიეწოდება. რაიონში დაგეგმილი გაზიფიკაციის პროცესი კი, პრეზიდენტის პროგრამის "გაზი ყველა სოფელს" ფარგლებში, 2013 წლის ბოლომდე დასრულდება.
ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მე-10 საუკუნეში აშენებული ტაძარი ორიგინალური ფრესკული ნამუშევრებითა და ჩუქურთმებით დამთვალიერებელს დღემდე აოცებს.
წინა წლებთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. ამ ფაქტს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და რაჭის რაიონების კეთილმოწყობას უკავშირებენ. საქართველოს მთავრობა რაჭას დიდ ყურადღებას აქცევს და აღმშენებლობითი პროცესი კვლავ გრძელდება. საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს უდიდესი პოტენციალი აქვს და მალე ის დიდ ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა.
რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებზე რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილ თანხას კერძო ინვესტიციებიც დაემატება. რაჭის განახლებასა და აღმშენებლობას სოფლის განვითარების პროგრამის მხარდასაჭერად განკუთვნილი ფინანსებიც მოხმარდება.
სექტემბერში დაგეგმილია რაჭული ფესტივალის ჩატარება, სადაც ადგილობრივები უამრავ უცხოელ და ქართველ სტუმარს ელოდებიან.
რაჭაში სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს და სტუმრის პატივისცემაც განსაკუთრებული იციან. ქართული ტრადიციული სუფრა - ამ კუთხისათვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებებით, რაჭაში ჩამოსულთ ნამდვილად გააოცებს, აქ მიღებული შთაბეჭდილებები კი კარგა ხანს არ დაავიწყდებათ.
განახლებული რაჭა ყველა ქართველისა და ახალა უკვე უცხოელი ტურისტებისათვის საყვარელი კუთხე და მართლაც რომ დიდი სიყვარულია.
კომენტარები