0 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქალი რომელმაც შეძლო ის რაზეც მამაკაცები მხოლოდ ოცნებობდნენ

ჩამოტვირთვა

უბრალოდ მთებზე შეყვარებული ქალბატონი ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ალპინისტი ქალია, რომელმა შეძლო ის, რაც ბევრი მამაკაცისთვის მიუღწეველ ოცნებად დარჩა. ალექსანდრა ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი და სპორტის დამსახურებული ოსტატი იყო, მან კავკასიონის მწვერვალები თითქმის ასჯერ დალაშქრა. 1923 წელს საქართველოს გეოფიზიკურმა ობსერვატორიამ, მყინვარწვერზე პირველი სამეცნიერო ექსპედიცია მოაწყო. ალექსანდრა ჯაფარიძე ჯგუფში ერთადერთი ქალი იყო, რომელიც მყინვარწვერზე ავიდა. ალექსანდრა ჯაფარიძემ მყინვარწვერი მეორედ ორი წლის შემდეგ დალაშქრა. ორჯერ დაპყრობილმა მყინვარწვერმა ისე მოაჯადოვა, რომ მას შემდეგ მთასვლელობისთვის თავი არ დაუნებებია. „მშვენიერი ამინდია, არც ერთი ღრუბელი ცაზე. გავიხედე მწვერვალისკენ...მზის პირველი სხივები ანათებენ მის ჭაღარა ქოჩორს, სწორედ ჭაღარას, რადგან აქა–იქ შავი კლდეები მოჩანს თოვლ–ყინულიდან, გარემო ჩრდილს მოუცავს და ისედაც ამაყსა და ლამაზს, მზის სხივები მეტ სიამაყესა და სიმშვენიერეს მატებენ. გიზიდავს თავისკენ და ისე ძლიერად, რომ იშვიათად თუ ვინმე გაუძლებს მას. გინდა ახლოს მიხვიდე, შეეხო, თავზე ხელი გადაუსვა და მიუალერსო. ეს ერთადერთი გმირია, რომელმაც ჩემი გული დაიპყრო და დაიმონა.“ – ასე იხსენებს მყინვარწვერთა მიახლოებას ალექსანდრა ჯაფარიძე ალექსანდრა ოჯახში ერთაერთი მთასვლელი არ ყოფილა. ამ სპორტით დაინტერესებულნი იყვნენ მისი ძმები სვიმონი და ალიოშა. სიმონ ჯაფარიძე 1929 წელს თეთნულდზე ექსპედიციის დროს დაიღუპა. სწორედ ამ დღეს, ალექსანდრასა და ალიოშას, ძმის საფლავზე ფიცი დაუდიათ, წლისთავზე თეთნულდს დავიპყრობთო. ერთი წლის შემდეგ, თეთნულდი პირველად ქალმა დაიპყრო და ეს ქალი ალექსანდრა ჯაფარიძე იყო. მაშინ ალექსანდრა 35 წლის იყო. შემდეგ მოდის 1934 წელი უშბის დაპყრობა. 1938 წელს ცენტრალური კავკასიონის მცირე, 1940 წელს დიდი ტრავერსი, 1950 წელს დიხთაუზე ასვლა. 1948 წელს კი მყინვარწვერის კალთებზე აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბული, რომელსაც ილია ჭავჭავაძემ პოემა „განდეგილი“ უძღვნა. "როცა ალექსანდრა ჯაფარიძეზე ვფიქრობ, აღფრთოვანება არასდროს მინელდება. რამდენი შეძლო ამ ქალმა მაშინ, როცა ქალი მთამსვლელის ფენომენს მამაკაცის მენტალიტეტი ჯერაც არ სცნობდა. ალბათ, რამდენი დაბრკოლება შეხვდა, რამდენს გაუძლო, მაგრამ მაინც მთას შერჩა. ვოცნებობ ხოლმე: ნეტავი ცოცხალი იყოს, რამდენს მომიყვებოდა. ვიცი, თუ ვინმე გამიგებდა ამ ქვეყანაზე, მხოლოდ ის" ასე ახასიათებს მთასვლელი სოფო თვარაძე ალექსანდრას. უამრავი ჯილდოს მფლობელს, ოჯახი არ შეუქმნია. ოჯახის შექმნას, საკუთარი საქმის სიყვარული და მთები ანაცვალა. ის მწვერვალზე იყო შეყვარებული... ადამიანი ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ ამ ქვეყანაზე რაღაც დატოვოს. ხშირ შემთხვევაში, ეს შვილია. როცა შვილი არ გყავს, ტოვებ იმას, რაც შენთვის უძვირფასესია; იმას, რაც შენი ნაწილია. მთასვლელი ქალისთვის ეს მთა იყო. ალექსანდრა ჯაფარიძემ სწორედ ეს დატოვა – ბიოგრაფია და გაუცვეთელი იდეალები. იგი დაკრძალულია ვერის ბაღში თავისი ძმების გვერდით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები