საზოგადოება
ბაგრატის ტაძარზე ჯვარი აღიმართა
2012-08-17 18:40:41
ჩამოტვირთვა
სამი საუკუნის შემდეგ ბაგრატის ტაძარზე ჯვარი აღიმართა. 2-მეტრიანი ბრინჯაოს ჭედური ჯვარი, რომელიც 300 კილოგრამს იწონის, ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან ჩანს. ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა. ის ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა.
ტაძარი მეფე ბაგრატ მესამემ დააარსა, მისი მშენებლობა 1003 წელს დასრულდა. ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანეს.
ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი ჯვრის გუმბათზე აღმართვაში რესტავრატორებთან ერთად მონაწილეობდა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საზეიმო ცერემონიალთან დაკავშირებით, ქუთაისში 17 აგვისტო, ერთჯერადად, უქმე დღედ გამოცხადდა.
ბაგრატის ტაძარზე ჯვრის აღმართვას დილიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული უამრავი ადამიანი დაესწრო. მოსახლეობა ამბობს, რომ დღევანდელი დღე, როგორც ქუთაისისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის მნიშნელოვანია, რადგან ერთიანი ქართული სახელმწიფოს სიმბოლოდ აღიარებულ ბაგრატის ტაძარის გუმბათზე საუკუნეების შემდეგ ჯვარი კვლავ აღმართეს.
კომენტარები