საზოგადოება
30 წლით თავისუფლების აღკვეთა - ტარყაშვილის კიდევ ერთი მკვლელი გაასამართლეს
2012-08-03 21:47:21
ჩამოტვირთვა
23 წლის ზურა ტარყაშვილის კიდევ ერთ მკვლელს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და 30 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრალდებული ირაკლი აგლაძე სასამართლო სხდომას არ დასწრებია, ვინაიდან ის მკვლელობის ჩადენის დღესვე მიიმალა და ამ დრომდე ძებნილია. საქალაქო სასამართლომ მას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა.
პროკურორის თქმით, ირაკლი აგლაძისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, საქმეში არსებული ფაქტები და მოწმეთა ჩვენებები საკმარისი და უტყუარი მტკიცებულება იყო.
სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, ირაკლი აგლაძის ადვოკატი, სხდომის დასრულების შემდეგ ირწმუნებოდა, რომ სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
2011 წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა ირაკლი აგლაძე, რომელიც მკვლელობის ადგილიდან გარბის.
როგორც ჩანს, ადვოკატ ჯანგირაშვილისათვის, გავრცელებული ფოტომასალა და ათეულობით მოწმის, მათ შორის ტარყაშვილის მეზობლებისა და ოჯახის წევრების ჩვენება საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
იმავე დღეს, სათვალთვალო კამერამ შემთხვევის ადგილიდან გაქცეული დავით რუსიშვილიც დააფიქსირა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ნაფიცმა მსაჯულებმა ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს და მოსამართლეს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს. სასამართლომ რუსიშვილს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ირაკლი აგლაძის ადვოკატის მსგავსად, განაჩენის გამოტანამდე, რუსიშვილის ადვოკატიც ირწმუნებოდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულო იყო, თუმცა საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, ტარყაშვილის მკვლელობაში რუსიშვილის ბრალეულობა დამტკიცდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ხალხის სახელით რუსიშვილი მკვლელად მიიჩნიეს.
რაც შეეხება ივერი გოგბერაშვილს, გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გარბის რუსთაველის გამზირზე და მკვლელობის ადგილს ტოვებს.
შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, გოგბერაშვილი სამართალდამცავებმა უკრაინის დედაქალაქ კიევში დააპატიმრეს. თუმცა მისი საქართველოში ექსტრადაცია ჯერ არ განხორციელებულა.
გამოძიება მიმდინარეობს დავით ჯოხაძის წინააღმდეგაც. მას ჯერჯერობით დანაშაულოს შეუტყობინებლოსათვის ეძებენ, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ ჯოხაძეს, რუსიშვილის, აგლაძისა და გოგბერაშვილის მსგავსად, ზურა ტარყაშვილის მკვლელობა წაუყენონ.
კომენტარები