საზოგადოება
ეროვნული გამოცდები 2012 - პირველმა დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა
2012-06-28 17:16:56
ჩამოტვირთვა
ცხელი ზაფხულის ყველაზე ცხელი დღე აბიტურიენტებისთვის. დღეს დილიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ–ცხელება დაიწყო. ღელავდნენ აბიტურიენტები, მათზე მეტად კი აბიტურიენტთა მშობლები და ახლობლები.
საქართველოს მასშტაბით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. წელს, საგამოცდო ცენტრებში 850-მდე ვიდეოთვალი დამონტაჟდა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით აღიჭურვა. საგამოცდო პროცესს 1300-მდე კურატორი და დამკვირვებელი ჰყავს. 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტი და, გრანტის გაუმჯობესების მიზნით, 5000-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა. დედაქალაქში ერთიანი ეროვნული გამოცდები ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მუხიანის 175 –ე საჯარო სკოლების შენობებში ჩატარდა.
გამოცდიდან გამოსულ ახალგაზრდათა უმრავლესობა კმაყოფილებას ვერ მალავდა. აბიტურიენტები აცხადებენ, რომ მათთვის ყველანაირი პირობა იყო შექმნილი. ჩვენი რესპონდენტ–აბიტურიენტთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გამოცდებს წარმატებით ჩააბარებს.
მიმდინარე წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: 2012 წელს პირველად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge www.online.naec.ge) გაიარეს;
მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ; წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები დააწესეს; 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოsa და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში, 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ;
დაჩქარდება შედეგების გამოცხადება და ოქტომბრის ნაცვლად, 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. ასეთი ფორმატით, ერთიანი ეროვნული გამოცდები, წელს, უკანასკნელად ჩატარდება. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.
კომენტარები