მსოფლიო
აშშ-ში მოკლული ქართველი და მკვლელობის სავარაუდო ვერსიები
2012-06-21 18:09:17
ჩამოტვირთვა
აშშ-ი მცხოვრები ბექა ზარდიაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. აღნიშნული ინფორმაცია გარდაცვლილის ნათესავებმა გაავრცელეს. ინციდენტთან დაკავშირებით, სხვა დეტალები ჯერჯერობით ისევ უცნობია. მკვლელობის სავარაუდო მიზეზად კი სამსახურეობრივი უთანხმოება სახელდება.
23 წლის ბექა ზარდიაშვილი აშშ-ს შტატ მერილენდში გუშინ საღამოს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები ყელის არეში დანით აქვს მიყენებული. მკვლელობას ამერიკელი სამართალდამცავები იძიებენ, თუმცა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია საჯარო არ არის, მედიისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ნათესავებისა და მეგობრების ვერსიები გახლავთ.
23 წლის ბექა ზარდიაშვილი აშშ-ში მშობლებთან ერთად მას შემდეგ გაემგზავრა რაც 4 წლის წინ ოჯახმა მწვანე ბარათი მოიგო. ზარდიაშვილის მშობლები ნიუიორკში ცხოვრობენ, გარდაცვლილი კი რამდენიმე თვის წინ მერილენდში გადავიდა, სადაც მართმადიდებლურ ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა და მაღაზიაში მუშაობდა.
გარდაცვლილის ახლობლები და ნათესავები ამ დროისთვის ზარდიაშვილების თბილისურ ბინაში იმყოფებიან. მათი თქმით ცხედრის გადმოსვენება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და გარდაცვლილის ნათესავებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დახმარების მიღების იმედი აქვთ.
კომენტარები